გიორგი თარგამაძემ დღეს პარლამენტში განაცხადა, რომ "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ, მიზნად ისახავს იმ ქართველების უფლებების დაცვას, რომლებიც შესაძლოა, დღესაც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, თუმცა საქართველოში არიან დაბადებულები. " სულისკვეთება ცვლილების უკავშირდება იმას, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში." - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, ლაპარაკია ინიციატივაზე, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც დაბადებულია საქართველოში და ბოლო 10 წელი ცხოვრობს საქართველოში, მიენიჭება ზუსტად ისეთივე პოლიტიკური უფლებები, რა უფლებებიც გააჩნია საქართველოს მოქალაქეს.
”ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის” ლიდერის აზრით, ამ მიმართულებით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ხელს შეუწყობს უახლოეს საპარლამენტო არჩევნებში კონკურენტული გარემოს შექმნას.
გიორგი თარგამაძემ "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" დამოკიდებულებაზეც ისაუბრა. მან კოალიცია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელს ურჩია, "ჩამოყალიბდეს და გაერკვეს იმაში, თუ რა სურს”.
"ამ ინიციატივით ბიძინა ივანიშვილს საშუალება ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, იბრძოლოს პრემიერობისთვის და თუ სურვილი ექნება, პრეზიდენტობისთვისაც. ვფიქრობ, მას ვერ გაუგია, რა უნდა.“ - აღნიშნა თარგამაძემ. 2 დღის წინ, ინიციატივის გახმაურებისას, მან ხაზი გაუსვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ქრისტიან-დემოკრატების წინადადების გაზიარება ხელს შეუწყობს ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხზე დავის დასრულებას, ”ქართულ ოცნებაში” კი აღნიშნეს, რომ ქდმ-ს ინიციატივა მათვის ღირებული არ არის.
”დარწმუნებული ვარ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა სააკაშვილის პოლიტიკური გეგმის ნაწილია.”- უთხრა ”ტაბულას” ”ქართული ოცნების” პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.




