ქრისტიან-დემოკრატები

წინადადება ივანიშვილისთვის პოლიტიკური უფლებების მინიჭების შესახებ

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა ხელისუფლებას სთავაზობს წინადადებას  ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკაშირებით დავის გადასაჭრელად. ეს წინადადება გულისხმობს ”ქართული ოცნების” ლიდერისთვის, როგორც ევროკავშირის წვერი ქვეყნის მოქალაქისთვის, მაგრამ საქართველოში დაბადებული პირისთვის, იმავე პოლიტიკური უფლებების მინიჭებას, რაც გააჩნია საქართველოს მოქალაქეს.

”ჩვენ პოზიცია ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით, თავიდანვე განვმარტეთ. მიგვაჩნია, რომ მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა პოლიტიკურად იყო მოტივირებული,”- თქვა ტაბულასთან საუბრისას ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ. მან ყურადღება გაამახვილა ”ქართული ოცნების” ლიდერის ბოლოდროინდელ ”თამამ განცხადებაზე” - ” აბა, გაბედოს სააკაშვილმა და არ აღმიდგინოს საქართველოს მოქალაქეობა” და დასძინა, რომ ” ამის შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯი უნდა იყოს პროცესების ესკალაცია და დაძაბულობის გაზრდა. ” ამასთან, თარგამაძის თქმით, ივანიშვილი და მისი ადვოკატები ალბათ სამართლებრივ ზომებს მიმართავენ და პროცესი შეიძლება უსაშველოდ გაიწელოს.

გიორგი თარგამაძის განცხადებით: ” იმისათვის, რომ სამოქალაქო დაპირისპირებას საფუძველი გამოეცალოს, განსაკუთრებით იმ მაღლი რისკების ფონზე, რომლებიც შემოდგომისთვის რუსეთის მხრიდან აშკარად გამოვლენილ სიმპტომებს უკავშირდება, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა გამოდის ინიციატივით, რომელიც ეყრდნობა ევროკავშირის პრაქტიკას და ითვალისწინებს: საქართველოში დაბადებულ, ევროკავშირის წვერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც 10 წელი მაინც უცხოვრია საქართველოში, ავტომატურად მიენიჭოს უფლება, ჰქონდეს იგივე პოლიტიკური უფლებები საარჩევნო პროცესში, რა უფლებებიც აქვს საქართველოს მოქალაქეს.”

გიორგი თარგამაძის განმარტებით ეს ნიშნავს შემდეგს: მიუხედავად იმისა ბიძინა ივანიშვილს ექნება თუ არა საქართველოს მოქალაქეობა, ის მოახერხებს ყველა იმ აქტივობის განხორციელებას, რასაც მოახერხებდა იმ შემთხვევაში თუკი ექნებოდა მოქალაქეობა. ” შეძლებს გაიაროს საარჩევნო რეგისტრაცია, როგორც კანდიდატმა,.შეძლებს სათავეში ჩაუდგეს საარჩევნო კოალიციის სიას, შეძლებს ლეგალურად დააფინანსოს თავისი კოალიცია, შეეძლება იყოს არჩეული ნებისმიერ პოლიტიკურ თანამდებობაზე.”

ქრისტიან-დემოკრატები საკუთარ ინიციატივას შესაბამის ფორმას მისცემენ ხვალ, 5 აპრილს. იმისათვის, რომ პროცესი არ გაიწელოს, თარგამაძეს მიზანშეწონილად მიაჩნია საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა ერთ პაკეტში, იმ საკონსტიტუციო ცვლილებასთან, რომლის განხილვასაც პარლამენტი იწყებს და რომელიც დეპუტატობის კანდიდატის ასაკობრივი ცენზის დაწევას ითვალისწინებს.

”თუკი მოვიპოვებთ მმართველი ძალის მხარდაჭერას, ვფიქრობ ეს ქვეყნისთვის იქნება კარგი. ეს კონკურენტული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს და პოლიტიკურ დაპირისპირებას გადაიყვანს უფრო კონსტრუქციულ, ხალხის ინტერესებზე ორიენტირებულ რელსებზე.” - უთხრა ტაბულას გიორგი თარგამაძემ.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ახსნა ისიც, მისი წინადადება რატომ ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქის პოლიტიკური უფლებების იდენტური უფლებების მინიჭებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქისთვის, რომელიც საქართველოში დაიბადა და საქართველოში 10 წელი მიანც უცხოვრია და არა ზოგადად უცხოეთის მოქალაქისთვის.

"ჩემი არგუმენტი ეყრდნობა საქართველოს პარლამენტის ნებას, რომელიც გამოიხატულია სპეციალურ დადგენილებაში. ის ევროკავშირში გაწევრიანებას სახავს საქართველოს უმთავრეს საგარეო ორიენტირად. აქედან გამომდინარე, სწორედ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეზეა უპრიანი ამ ნორმის გავრცელება და არა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცის სახელმწიფოს მოქალაქეზე ან ევრაზიული კავშირის.”-აღნიშნა თარგამაძემ.

 

კომენტარები