ბალეტი

ვარსკვლავური გალაკონცერტი

ნინო ანანიაშვილის 30-წლიან მოღვაწეობასთან დაკავშირებული საიუბილეო ღონისძიებები, 18 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში გამართული გალაკონცერტით დასრულდა.

წარმოდგენაში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა მოცეკვავეებმა მიიღეს მონაწილეობა. ეს ალბათ ბოლო წლებში გამართული ყველაზე მასშტაბური საბალეტო საღამოა, 2010 წლის შემოდგომაზე, ვახტანგ ჭაბუკიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ გალაკონცერტთან ერთად, სადაც ერთდროულად ამდენმა მსოფლიო დონის ვარსკვლავმა მიიღო მონაწილეობა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ანანიაშვილის მეგობრები, პარტნიორები და ქართველი მოცეკვავეები სხვადასხვა თეატრებიდან.

თავად პრიმაბალერინა ოთხჯერ წარდგა მაყურებლის წინაშე: პირველ ნომრად ფრაგმენტი, იური პოსოხოვის ბალეტიდან „ანარეკლი” იცეკვა (ლალი კანდელაკთან, ანა ალბუთაშვილთან და ვასილ ახმეტელთან ერთად). ამას მოჰყვა დენის მატვიენკოსთან და ვასილ ახმეტელთან ერთად შესრულებული პა დე ტრუა ბალეტიდან „კორსარი”, სადაც პრიმამ საკუთარი დახვეწილი ტექნიკის დემონსტრირებით, მაყურებელს დაუმტკიცა, რომ ჯერ კიდევ არაჩვეულებრივ ფორმაშია. შემდეგ იყო რატმანსკის ქორეოგრაფიით დადგმული „მასკარადი”, სადაც ულამაზეს წითელ სამეჯლისო კოსტიუმში გამოწყობილი ანანიაშვილის პარტნიორობას ოთხი მოცეკვავე ეცილებოდა ერთმანეთს: ხოსე მანუელ კარენიო, დენის მატვიენკო, ანხელ კორელა და ვასილ ახმეტელი.

მოწვეული სტუმრებიდან ბევრი, თბილისელ მაყურებელს, ზემოთ ხსენებული 2010 წლის გალაკონცერტიდან ახსოვს. მათ შორის, ანასტასია სტაშკევიჩი და ვიაჩესლავ ლოპატინი, რომლებიც მაყურებლის წინაშე „დიანა და აქტეონის” პა დე დეთი წარდგნენ. თბილისში პირველად ორი წლის წინ იცეკვა „თანამედროვე მიშა ბარიშნიკოვმაც” – ABT-ის სოლისტმა ანხელ კორელამ. საღამოს ყველაზე ქარიზმატულმა მოცეკვავემ, იაპონელ მომოკო ჰირატასთან ერთად, ბალანჩინის „ჩაიკოვსკი პა დე დე”, სოლო ნომრად კი რასელ დაქერის დადგმული თანამედროვე ქორეოგრაფია – „Suspendet in Time” შეასრულა. მოცეკვავემ ამჯერადაც აიყოლია დარბაზი და ორივე გამოსვლის შემდეგ გამაყრუებელი ტაშის ფონზე დატოვა სცენა. განსაკუთრებული ოვაციები მოჰყვა დენის მატვიენკოს გამოსვლებსაც, რომელმაც გარდა კორსარისა, ანასტასია მატვიენკოსთან ერთად ობერის დიდი კლასიკური პა დე დე იცეკვა. მან დაუჯერებლად რთული და ლამაზი საბალეტო ტრიუკებითა და ტურებით დაამახსოვრა მაყურებელს თავი.

განსაკუთრებული გამოდგა უცხოეთში მოღვაწე ქართველი მოცეკვავეების ნომრებიც: და-ძმა დავით და მაია მახათელებმა დამაჯერებლად და კარგად შეასრულეს შეყვარებული „რომეო და ჯულიეტა”. ინგლისის ნაციონალური ბალეტის სოლისტი ელენე გლურჯიძე პარტნიორთან, სერგეი პოლუნინთან ერთად წარდგა მაყურებლის წინაშე „რაიმონდას” პა დე დეთი. ჩიკაგოს Jofrey Ballet-ის წყვილის – ვიქტორია ჯაიანისა და მისი მეუღლის, თემურ სულუაშვილის – დუეტი კი საღამოს ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი გამოსვლა გამოდგა. წყვილმა იური პოსოხოვის დადგმული თანამედროვე ქორეოგრაფია – “Bells” შეასრულა.

გალაკონცერტის მოწვეულ სოლისტებს შორის ასევე იყვნენ: ევგენია ობრაზცოვა და დიმიტრი გუდანოვი მოსკოვის დიდი თეატრიდან; დონ ხინგ თინგი და რენ ზონგი ჩინეთიდან (ლიაონინგის საბალეტო დასი); მარია რიჩეტო და ბლეინ ჰოვენი ამერიკის ბალეტის თეატრიდან (ABT).

პროგრამის მიხედვით, საღამო გია მარღანიას ქორეოგრაფიით დადგმული „ხორუმით” უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მოულოდნელად, სცენაზე აკეცილი ჩოხითა და პუანტებით თავად პრიმაბალერინა გამოჩნდა და ამავე ქორეოგრაფის მიერ აღდგენილი ჭაბუკიანის ლეკური იცეკვა, რითაც ძალიან გაახალისა მაყურებელი.

სპექტაკლის ბოლოს, სცენაზე გამოჩნდნენ ანანიაშვილის ყოფილი პარტნიორებიც და წარმოდგენის თითოეულ მონაწილესთან ერთად, თითო ვარდით მიულოცეს პრიმაბალერინას 30-წლიანი იუბილე.

 

კომენტარები