ესტონეთი

ესტონური სპეცსამსახურები - საიმედო ფარი რუსი ჯაშუშების წინააღმდეგ

ესტონეთში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სპეცსამსახურების ეფექტურობა მკვეთრად გაიზარდა. ამაზე მეტყველებს ბოლო დროს ჯაშუშების საქმეების გახსნა და მათი დაკავება. ქვეყანამ პროგრესი უსაფრთხოების სფეროში გატარებული ცვლილებების შედეგად მოახერხა. სახელმწიფო ძლიერი სადაზვერვო სტრუქტურებით გამოირჩეოდა. ექსპერტთა მტკიცებით, ამან ესტონეთის თავდაცვისუნარიანობა გაზარდა. შესაბამისად, შეამცირა მეზობელი ქვეყნების (მაგალითად, რუსეთის) მიერ სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობები.

ჯაშუშობის სკანდალში ყველაზე ბოლოს ესტონეთის უსაფრთხოების პოლიციის, ე.წ. კაპოს ოფიცერი, ალექსეი დრესენი გაეხვია. პროკურატურის მტკიცებით, იგი ტალინის აეროპორტში მოსკოვში მიმავალ ცოლს აცილებდა. ამ უკანასკნელს მოსკოვში, მეუღლის მიერ გადაცემული გასაიდუმლოებული მასალა მიჰქონდა. მას რუსეთისთვის ესტონეთის სახელმწიფოს კუთვნილი საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებაში ედება ბრალი. 44 წლის მაღალჩინოსანი 20 წლის განმავლობაში ესტონეთის უშიშროების პოლიციაში მუშაობდა. ეჭვობენ, რომ იგი დიდი ხნის მანძილზე აგროვებდა მასალებს და თანამშრომლობდა მოსკოვთან. ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

ზოგის მტკიცებით, ამ სკანდალმა მთავრობის მოწყვლადობა და კიბერნეტიკის წინაშე არსებული საფრთხეები სააშკარაოზე გამოიტანა. როგორც ცნობილია, ესტონეთში ინტერნეტტექნოლოგიები აქტიურად გამოიყენება საბანკო, საგანმანათლებლო, სამთავრობო და ხმის მიცემის პროცედურების განხორციელებისას. მეორე მხრივ, გამოჩნდა ქვეყნის მნიშვნელობაც და მისადმი გარე აქტორების ინტერესიც. ქვეყანა სამხედრო ბლოკის ფარგლებში კიბერუსაფრთხოებაში ექსპერტიზითაა გამორჩეული. სწორედ ტალინში არსებული კიბერუსაფრთხოების ცენტრი იცავს ორგანიზაციაში ყველანაირი სახის ინფორმაციის გაცვლას. მისი მთავარი მიზანი, განათლების, კვლევის და კონსულტაციების გზით, ბლოკის წევრების კიბერთავდაცვის შესაძლებლობების ამაღლებაა. მას ორგანიზაციის 10 წევრი აფინანსებს. ექსპერტების ნაწილის მტკიცებით, ქვეყანამ რუსი ჯაშუშების ყურადღება სწორედ ამ ფაქტორების გამო მიიქცია. ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თქმით, ბალტიის ქვეყნებისადმი მტრულად განწყობილ ქვეყნებს მათ ხელთ არსებული ინფორმაციისადმი ინტერესი გაუღრმავდათ. დრესენის შემთხვევა კი ამის მანიშნებელია.

ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია თავად ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის როლიც. სწორედ მის წარმატებად მიიჩნევენ ჯაშუშების გამოვლენასა და მათი საქმიანობის შეზღუდვას. ეს ორგანო პოლიტიკური პოლიციის სახით, ჯერ კიდევ 1920 წელს შეიქმნა. საბჭოთა ინტერვენციისას, სწორედ მისი თანამშრომლები გახდნენ რეპრესიების მთავარი მსხვერპლნი. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იგი აღადგინეს და 1993 წლის რეორგანიზაციის შედეგად, დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა. შეიცვალა სტრუქტურაც და საპოლიციო ინსტიტუტიდან უსაფრთხოების სამსახურად გადაკეთდა. დღეს იგი ცენტრალიზებული ორგანოა, რომელიც ოთხი რეგიონული დეპარტამენტისა და რამდენიმე განყოფილებისგან შედგება. დღეს სამსახურს რამდენიმე ამოცანა გააჩნია: მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება, ტერორიზმთან, ტრეფიკინგთან ბრძოლა, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა, ანტიკორუფციული ოპერაციების ჩატარება, კულტურული მემკვიდრეობის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ასაფეთქებელ და რადიოაქტიურ საბრძოლო მასალებთან გამკლავება.

ესტონეთის მიერ დასავლეთ სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნის მიუხედავად, რუსული საფრთხე კვლავაც არსებობს. მოსკოვისთვის, ტალინში დაგროვილი ინფორმაცია, ბოლო დროს ამ ქვეყნის კიბერგამოცდილების მატებასთან ერთად, გაიზარდა. ბევრი ეჭვობს, რომ მათ მოსაპოვებლად მოსკოვი სწორედ ესტონეთში მისადმი ლოიალურ ან, სულ მცირე, ხელისუფლებისადმი უარყოფითად განწყობილ ეთნიკურ უმცირესობებს გამოიყენებს. როგორც ცნობილია, ესტონეთის 1,3 მილიონი მოსახლეობიდან 25,6%-ს რუსები შეადგენენ.

ორი ქვეყნის ურთიერთობების განხილვისას ბევრს ერიკ კროსის შემთხვევა ახსენდება. კერძოდ, 2009 წელს ფინეთიდან მომავალი რუსული გადამტანი გემი (Arctic Sea) გაიტაცეს. მისი გათავისუფლება მხოლოდ ერთ თვეში მოხერხდა. მოსკოვმა რვა ეჭვმიტანილი დააკავა. მათ შორის ერთმა, დაკითხვისას აღიარა, რომ ხომალდის გადამალვა ესტონელმა მოქალაქემ, ყოფილი დაზვერვის ოფიცერმა და ბალტიისპირეთის საზღვაო უსაფრთხოების ფირმის მფლობელმა, ერიკ კროსმა დაავალა. ეს უკანასკნელი ამ ინციდენტში მონაწილეობას უარყოფდა. ინციდენტი ბევრმა რუსეთის საზღვაო ძლიერებისადმი ჩრდილის მიყენების მცდელობად შეაფასა.

ჯაშუშების არსებობა ესტონეთის პარტნიორებზეც აისახება. ამის მაჩვენებელია 2008 წელს ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის, ჰერმან სიმის, ღალატის ბრალდებით დააკავება. მას 12-წლიანი პატიმრობა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის და მისთვის NATO-ს საიდუმლო დოკუმენტების გადაცემის გამო მიუსაჯეს. სიმი 2001 წლიდან ახლადშექმნილ სახელმწიფო საიდუმლოს დაცვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. შედეგად, ხელი მიუწვდებოდა NATO-ს ქვეყნების საერთო „უმაღლესი საიდუმლოს” ტიპის ინფორმაციაზე. მან თავადვე აღიარა რუსეთის დაზვერვისთვის არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის, არამედ ევროკავშირისა და გაეროს დოკუმენტების გადაცემა. ეს შემთხვევა ცივი ომის შემდეგ ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე მწვავე და სერიოზულ ფაქტად შეაფასეს.

 

კომენტარები