შსს-ს გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გათავისუფლებულია ხაშურის პოლიციის უფროსი გიორგი ხარჩილაძე. სამინისტრო განმარტავს, რომ გადაწყვეტილება 27 თებერვალს მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიიღეს. ”აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ პოლიციის შენობაში არ მოხდა უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა. ხაშურის რაიონული პოლიციის უფროსად დაინიშნა გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი კახაბერ ბერუაშვილი,"-აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
როგორც ცნობილია ხაშურის პოლიციის შენობაში სასიკვდილოდ დაშავდა იქ მიყვანილი სოლომონ ქიმერიძე. გუშინ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თავის კომენტარში მომხდარს უბედური შემთხვევა უწოდა და დასძინა, რომ ამას ადასტურებს გამოძიების მასალები. დღეს, გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაცია მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა. გამოძიების ვერსიით, ხაშურის რაიონის მკვიდრი სოლომონ ქიმერიძე პოლიციის შენობაში კიბის მოაჯირიდან გადავარდა. მიღებული დაზიანებების შედეგად კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.




