შსს

ვანო მერაბიშვილმა გააკეთა კომენტარი სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალებაზე

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კომენტარი გააკეთა ხაშურის რაიონის პოლიციის შენობაში სოლომონ ქიმერიძის მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.

”საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას პოლიცია იცავს ქუჩაში, სოფლებში, ქალაქებში და მით უფრო უნდა დაიცვას პოლიციის შენობებშიც. ჩვენ ვაშენებთ პოლიციის გამჭირვალე შენობებს, რათა იქ პროცესები მართლაც გამჭირვალე იყოს. ჩვენი წინასწარი მოკვლევით, ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევას, თუმცა, ეს მაინც არის აღმაშფოთებელი ფაქტი. ამიტომ ახალი წესების შემოღება გადავწყვიტე,” -განაცხადა მერაბიშვილმა. მან განმარტა რა ახალი წესების შემოღებაზეა ლაპარაკი და თქვა, რომ გამოსცემს ბრძანებულებას, რომლის თანახმად პოლიციის შენობებში ნებისმიერი სტატუსით მიყვანილი პირის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი, უშუალოდ, პოლიციის განყოფილებების და სამმართველოების ხელმძღვანელები იქნებიან. შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პოლიციის შენობებში, ხელსაყრელ ადგილებში დამონტაჟდება ვიდეო-კამერები, ასევე სხვა მონიტორინგის მექანიზმი, ხოლო გენერალურ ინსპექციას დაევალება განახორციელოს მუდმივი მონიტორინგი.

ხაშურის რაიონის პოლიციაში მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ ქიმერიძე პოლიციის სამმართველოს კიბის მოაჯირიდან გადავარდნის შედეგად სასიკვდილოდ დაშავდა. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, გაესაუბრნენ პოლიციის თანამშრომლებს და მათი ახსნა -განმარტება გაავრცელეს. კერძოდ ის, რომ ხაშურის რაიონის პოლიციაში სოლომონ ქიმერიძე 27 თებერვალს, სოფელ ქვიშხეთში მომხდარ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით მიიყვანეს, რადგან არსებობდა ინფორმაცია, რომ მან ქვიშხეთში მცხოვრები თამაზ გამგონიძის კუთვნილი ნიკელის ჩაიდანი და ალუმინის ქვაბი მოიპარა. გასაუბრების დასრულების შემდეგ ის მეორე სართულზე ჩამოჰყავდათ და ამ დროს მესამე სართულის კიბის მოაჯირიდან გადავარდა. სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ რადგან ქიმერიძემ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო მაშინ, როცა პოლიციის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, სახელმწიფოს ეკისრება განსაკუთრებული ვალდებულება აწარმოოს სრული დ ობიექტური გამოძიება. ობიქტური გამოძიების მოწოდებებით გამოვიდნენ სხვა და სხვა პოლიტიკური ლიდერები და საზოგადოების წარმომადგენლები.

”მიუმხრობელი და ობიექტური გამოძიების ჩატარების შემდეგ აუცილებლად უნდა დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთაც უფლებამოსილებას გადაამეტეს და დამნაშავენი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ,“ - აღნიშნულია ”ახალი მემარჯვენეების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმაც, მან ქიმერიძეს ხელისუფლების ძალადობრივი პოლიტიკის მსხვერპლი უწოდა.  

კომენტარები