პრეზიდენტი

სააკაშვილი: რუსეთთან ცალმხრივი უვიზო რეჟიმი სიძლიერის ნიშანია

მიხეილი სააკაშვილი დღეს სტუდენტებს შეხვდა და მათ თავის ბოლოდროინდელ ინიციატივებზე ესაუბრა, მათ შორის ინიციატივაზე, რომელიც რუსეთთან ცალმხრივად უვიზო რეჟიმზე გადასვლას გულისხმობდა. პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრაზე გამოთქვა აზრი, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება უფრო სიძლიერის ნიშანია, ვიდრე სისუსტის. „ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი პრობლემაა. რამდენიმე ათეული ტერორისტული შეტევა განახორციელეს ჩვენზე ბოლო ორი–სამი წლის განმავლობაში, მაგრამ მათგან 90% აღმოვაჩინეთ. იმის გამო, რომ დარწმუნებული ვართ, ვაკონტროლებთ ჩვენს ტერიტორიას და გვაქვს უსაფრთხოების კარგი სისტემა, არ გვეშინია ტურისტების ნაკადის შემოსვლის. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ტურისტი თავისთავად საშიში არ არის,“ – განაცხადა პრეზიდენტმა. მისი  თქმით, რაც მეტი რუსი ტურისტი შემოვა, მით უფრო მეტი დადებითი ინფორმაცია გავა საქართველოს შესახებ რუსეთის საზოგადოებაში, ეს კი რუსეთში საქართველოსთან მიმართებაში საზოგადოებრივი აზრის შეცვლაზე აისახება.

 საქართველოს პრეზიდენტი დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ახალგაზრდებთან  საუბრისას მან  ყურადღება გაამახვილა სტუდენტთა დასაქმების საპრეზიდენტო პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს საზაფხულო არდადეგების დროს - 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 25 ათასი სტუდენტის დასაქმებას, რომლებიც, ამ პროგრამის ფარგლებში, ხუთასლარიან ანაზღაურებას მიიღებენ. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ 2012 წელს საქართველოში ამერიკული სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიების მქონე უნივერსიტეტი ამოქმედდება.

 

კომენტარები