შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ხაშურის რაიონული პოლიციის შენობაში ბრალდებულის დაზიანების ფაქტი, რის გამოც ის გარდაიცვალა. სამინისტროს განცხადების თანახმად, ხაშურის რაიონულ სამმართველოში 27 თებერვალს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ბინის ქურდობის ფაქტზე და ამ საქმესთან დაკავშირებით რაიონულ პოლიციაში ბრალდებულის სახით იკითხებოდა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი სოლომონ ქიმერიძე.
”დაკითხვის დროს ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე, ხაშურის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე კიბეებზე ჩამოსვლისას, კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და დაეცა პირველი სართულის ფოიეში, რის შედეგადაც მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები. სოლომონ ქიმერიძე გადაიყვანეს ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში. 28 თებერვალს, სიცოცხლესთან შეუთავსებადი ტრამვების გამო, ბრალდებული ქიმერიძე გარდაიცვალა.”- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შსს აცხადებს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში.
ხაშურის რაიონულ პოლიციაში მომხდარზე ყურადღება გუშინ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა გაამახვილა. შსს დღევანდელ განცხადებას კი გამოეხმაურა კოალიცია ”ქართული ოცნება.” კოალიციის წევრები ეჭვქვეშ აყენებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებას ბრალდებულის ”კიბის მოაჯირიდან გადმოვარდნის” შესახებ და საკუთარ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე გარდაცვლილს ცემის კვალი ეტყობა.
”ნებისმიერ ქვეყანაში, რომელსაც რაღაც პრეტენზია გააჩნია დემოკრატიულობაზე, ასეთ საეჭვო ვითარებაში პატიმრის დაღუპვას მყისიერად მოჰყვებოდა შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დასმა. კოალიცია „ქართული ოცნება“ კატეგორიულად ითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, ჩატარდეს დამოუკიდებელი ექსპერტიზა, ბოლომდე იქნეს გამოძიებული ეს საქმე და პასუხისგებაში მიეცეს ყველა დამნაშავე პირი. გამოძიების დასრულებამდე კი, ხაშურის პოლიციის რაიონის სამმართველოს უფროსი გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან.“– აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.




