გამოხატვის თავისუფლება

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ

20 თებერვალს საქართველოს უზენაესმა საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ საქმეზე, სადაც გაზეთ ასავალ-დასავალს მოქალაქე ალექსანდრე ფოცხიშვილი ცილისწამებისთვის ედავებოდა. ის მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ გაზეთმა მასზე  ცილისმწამებლური სტატია გამოაქვეყნდა, რამაც შელახა მისი პატივი, ღირსება და რეპუტაცია. ჯერ თბილისის საქალაქო საქმეთა კოლეგიამ, შემდეგ კი სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს ნაწილობრივ დაუკმაყოფილა სარჩელი და გაზეთის რედაქტორს კომპენსაციის გადახდა დააკისრა, რის შემდეგაც გაზეთმა უზენაეს სასამართლოს მიმართა.

უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას, ძირითადად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით იხელმძღვანელა. მან განმარტა, რომ პრესის თავისუფლებას დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალიან მაღალი ღირებულება აქვს და მის შეზღუდვას განსაკუთრებული გამართლება სჭირდება. სასამართლომ მიიჩნია, რომ  სადავო წერილში მოყვანილი გამონათქვამები არ იყო ცილისწამება, არ ჰქონდა კონკრეტული ფაქტების მტკიცების პრეტენზია და მხოლოდ ავტორის მოსაზრება იყო. აზრი კი აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული. სასამართლომ ჩათვალა, რომ კონტექსტი იყო საზოგადოებრივი ინტერესის თემაზე საჯარო დისკუსია და ამ დისკუსიისას მოპასუხის შეხედულებების მკვეთრი ფორმით გამოხატვა. ეს გამოხატვა ექცევა ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში, რაც გამორიცხავს გაზეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.

კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს პარლამენტმა 2004 წელს მიიღო. მან არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე შემოიტანა. მათ შორის: ფაქტებისა და მოსაზრებების სამართლებრივი გამიჯვნა - კანონით, აზრი და შეფასებითი მსჯელობა აბსოლუტური პრივილეგიითაა დაცული. როგორც ჩანს, კანონის არსი ხანდახან არა მხოლოდ მოქალაქეებს, არამედ იურისტებსა და ქვედა ინსტანციის სასამართლოსაც შეიძლება, არ ესმოდეს და უზენაესი სასამართლოს ჩარევა გახდეს საჭირო.

2010 წელს ალექსანდრე ფოცხიშვილმა საქალაქო სასამართლოს მიმართა. ის ითხოვდა 10 ათას ლარიან კომპენსაციას მორალური ზიანის ასანაზღაურებლად და ასავალ-დასავალისთვის მისი 2 წერილის გამოქვეყნების დავალდებულებას. მიზეზი გაზეთში 2009 წელს გამოქვეყნებული ვახტანგ ხარჩილავას წერილი იყო - `არსებობს, თუ არა პროექტი `საქართველო მეგრელების გარეშე~. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხარჩილავას წერილის გამოქვეყნებით ასავალ-დასავალში ალექსანდრე ფოცხიშვილზე ცილისმწამებლური ფაქტები და უხამსობის შეცველი განცხადებები გავრცელდა.

მან ფოცხიშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. გაზეთ ასავალ-დასავალის რედაქტორს ფოცხიშვილის სასარგებლოდ არა 10 ათასი, არამედ 1500 ლარის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა.

ამ კვირაში გამოხატვის თავისუფლებაზე სასამართლომ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო მედიის სასარგებლოდ, ამჯერად - პირველსავე ინსტანციაზე. კომპანია აისეკ-საქართველო ჟურნალ ლიბერალს უჩიოდა ცილისწამებისთვის. ორგანიზაცია გამოქვეყნებული ფაქტების უარყოფასა და 20 ათას ლარიან  კომპენსაციას ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა.

კომენტარები