აშშ-საქართველოს ურთიერთობები

საგარეო უწყება ობამა-სააკაშვილის შეხვედრის შესახებ

ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხება თანამშრომლობის ყველა ასპექტს, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერებას. ამის შესახებ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი შეეხება უსაფრთხოებისა და დემოკრატიული რეფორმების განვითარების საკითხს, ასევე თანამშრომლობას ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროში. პრეზიდენტები ისაუბრებენ  რეგიონში არსებულ ვითარებაზე და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.

დავით ჯალაღანიას განცხადებით, ობამა-სააკაშვილის შეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტის პირადი მიწვევით ხორციელდება.

"ეს წელი აღსანიშნავია ორივე ქვეყნისთვის, რადგან ორივე ქვეყანაში დაგეგმილია არჩევნები. ასევე, შესრულდა 20 წლისთავი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან და ყველა ეს ფაქტორი მიუთითებს იმაზე, რომ ორი ქვეყნის ხელმძღვანელს შორის მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება." - აცხადებს დავით ჯალაღანია.

მინისტრის მოადგილის  თქმით, მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ასევე    შეხვდება  ვიცე-პრეზიდენტ  ჯოზეფ ბაიდენს და წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ჯო ბეინერს.

შეხვედრა გაიმართება  კონგრესისა და სენატის წარმოამდგენლებთანაც. მიხეილ სააკაშვილი აგრეთვე  შეხვდება საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, კონგრესმენებს ბილ შუსტერს და ელისონ შვარცს.

მიხეილ სააკაშვილისა და ბარაქ ობამას შეხვედრა დღეს, თეთრ სახლში გაიმართება.

 

კომენტარები