აშშ-საქართველოს ურთიერთობები

იაკობაშვილი და რონდელი სააკაშვილი-ობამას შეხვედრის შესახებ

მიხეილ სააკაშვილის ოფოციალური ვიზიტი აშშ-ში და შეხვედრა ბარაკ ობამასთან ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებულ ურთიერთობებზე მეტყველებს. ამის შესახებ საქართველოს ელჩმა აშშ-ში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა.

 „როგორც წესი, ოფიციალური ვიზიტი არის კონკრეტული ურთიერთობების კულმინაცია და ხდება მაშინ, როდესაც ურთიერთობები გარკვეულ დონეს აღწევს“, - აღნიშნა აშშ-ში საქართველოს ელჩმა. მის თქმით, ობამასა და სააკაშვილის შეხვედრაზე საუბარი შეეხება ყველა იმ სფეროს, რომელიც მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ურთიერთობისათვის. მათ შორის პოლიტიკის, ეკონომიკის საკითხებს და თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში.  „ასევე განიხილება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხები, რაც ძალზე აქტუალურია ჩვენი ქვეყნისათვის“, - განმარტა ელჩმა.

 რეგიონში საკმაოდ გართულებულ ვითარებაში, ვაშინგტონში დაგეგმილი აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კარგი ნიშანია , - ამის შესახებ სააგენტო "ინტერპრესნიუსს" ”სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის” ხელმძღვანელმა, ალექსანდრე რონდელმა განუცხადა.

 მისი აზრით, ობამა-სააკაშვილის შეხვედრა მნიშვნელოვანია რამდენიმე მეზეზის გამო - რეგიონში ვითარების დაძაბვის ფონზე, სავარაუდოდ, ამერიკა თავის მოკავშირეებთან პოზიციებს აჯერებს და აზუსტებს. გარდა ამისა, აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია პრაქტიკულად დაწყებულია და ობამას სურს, ოპონენტ "რესპუბლიკელებს" საჯაროდ აჩვენოს, რომ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის დაწყებით ვაშინგტონს საქართველო არ მიუტოვებია და აშშ-საქართველოს ურთიერთობებში არაფერი შეცვლილა.

 რონდელის ვარაუდით, იმის გათვალისწინებით, რომ ობამა-სააკაშვილის ოფიციალური შეხვედრა ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის წინ შედგება, ქართული მხარე მიიღებს პასუხს, თუ რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს ოფიციალურ თბილისს ნატო-სთან ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით.

 "ეს შეხვედრა ვაშინგტონის კიდევ ერთი მცდელობა იქნება, შეახსენოს რუსეთს, რომ საქართველო აშშ-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და პატარა, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყანას ის მომავალშიც მხარს დაუჭერს". - დასძენს ალექსანდრე რონდელი.

 ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თეთრ სახლში 30 იანვარს მიიღებს.

 

კომენტარები