აშშ-საქართველოს ურთიერთობები

30 იანვარს ბარაკ ობამა მიხეილ სააკაშვილს შეხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა 30 იანვარს,  თეთრ სახლში,  საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უმასპინძლებს. ამის შესახებ ცნობას თეთრი სახლი ავრცელებს.

2012 წელს აღინიშნება აშშ - საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავი. თეთრი სახლი თავის განცხადებაში აღნიშნავს ამ ფაქტს და განმარტავს, რომ 30 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს პრეზიდენტები იმსჯელებენ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე - ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკის, მეცნიერების, კულტურის და უსაფრთხოების სფეროებში.

 თეთრი სახლის განცხადების თანახმად, 30 იანვრის შეხვედრაზე პრეზიდენტი ობამა აღნიშნავს საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, მათ შორის, საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, რაც ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობით შეაქვს.

  „პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერას,  ის აგრეთვე მოელის მსჯელობას  საქართველოში  მოახლოებულ  არჩევნებზე და  რეფორმებზე, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს გარდაქმნა  სტაბილურ დემოკრატიად  .“- ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები