აშშ-საქართველოს ურთიერთობები

ფილიპ გორდონი საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობაზე

აშშ-ს კონგრესის გადაწყვეტილება საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ საქართველო-სა და აშშ-ს თანამშრომლობის ხასიათს მნიშვნელოვნად არ შეცვლის. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ფილიპ გორდონმა განაცხადა. საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის თემაზე გორდონს შეკითხვა საერთაშორისო პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე , სააგენტო "იტარ-ტასის" ჟურნალისტმა დაუსვა.

 გასული წლის დეკემბერში კონგრესის მიერ დამტკიცებულ კანონის ერთ-ერთ მუხლში 2012 წლის სამხედრო ბიუჯეტის შესახებ აღნიშნულია, რომ აშშ-ს ადმინისტრაციამ უნდა შეუმუშავოს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის განვითარების გეგმა და კონგრესს წარუდგინოს. დოკუმენტი ასევე ადმინისტრაციას ავალდებულებს შეისწავლოს საქართველოს თავდაცვის საჭიროებები და თბილისისათვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების საკითხი განიხილოს. დოკუმენტის კომენტირებისას გორდონმა აღნიშნა: „არ მიმაჩნია, რომ ის აქამდე არსებულ ჩვენს მიდგომას ცვლის“.

 "საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის საკითხს აშშ ისევე უდგება, როგორც სხვა ქვეყნებისთვის მიყიდვას. ამ საკითხს ინდივიდუალური საფუძვლები აქვს და ბევრ ფაქტორს ითვალისწინებს. უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ურთიერთობას ყველა ამ ხერხის გამოყენებით გავაგრძელებთ ", - განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

 მან ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობა ფოკუსირებულია განათლებასა, წვრთნასა და ავღანეთის მისიისთვის ქართველი სამხედროების მომზადებაზე. გორდონმა ხაზგასმით ისაუბრა ავღანეთის მისიაში საქართველოს მონაწილეობაზე. მისი თქმით, საქართველო ამ მისიაში ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია, ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით. გორდონის განცხადებით, დანაკარგები, რომელიც ქართულმა კონტინგენტმა რამდენიმე დღის წინ განიცადა, „ხაზს უსვამს იმ რისკებს, რომლებსაც ისინი (ქართველები) იღებენ საკუთარ თავზე ჩვენი საერთო უსაფრთხოებისათვის“. „ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას ამ მიმართულებით“, - განაცხადა გორდონმა.

 

კომენტარები