საქართველო-ისრაელის ურთიერთობა

ვაშაძე ლიბერმანს ისრაელში მომავალ ვიზიტზე ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ისრაელელ კოლეგას ავიგდორ ლიბერმანს შეხვდა. მინისტრების შეხვედრა ვილნიუსში, ეუთოს მინისტერიალზე შედგა.

ისრაელის მედიის ცნობით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომდევნო თვეში გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვევა. ეს ებრაელი ბიზნესმენების, რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის საქართველოში დაკავების შემდეგ, საქართველოს ოფიციალური პირის პირველი ვიზიტი იქნება.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა გამოხატეს კმაყოფილება, რომ „ეპიზოდი, რომელმაც ორმხრივი ურთიერთობები შეაფერხა“ დასრულდა. „ახლა უკვე შესაძლებელია ორ ქვეყანას შორის ნორმალური და კარგი ურთიერთობები აღდგეს“, - აღნიშნულია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ფუქსი და ფრენკელი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2 დეკემბერს შეიწყალა.

მინისტერიალის ფარგლებში, საგარეო უწყების ცნობით, ვაშაძემ ეუთო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ვაშაძემ თავის მოხსენებაში ვრცლად ისაუბრა აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უფლებების უხეშ დარღვევებზე.

მინისტერიალის პარალელურად, გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრები გამართა გერმანიის, აზერბაიჯანისა, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ეუთო-ს უმაღლეს კომისართან.

"დიდი ყურადღება დავუთმეთ სიტუაციას რეგიონში და რუსულ-ქართულ ურთიერთობებს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ევროპის კავშირის ყველა ქვეყანამ აღნიშნა ის უზარმაზარი პროგრესი, რაც საქართველოს აქვს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ყველამ აღნიშნა ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების უზარმაზარი მნიშვნელობა", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

 

კომენტარები