აშშ-საქართველოს ურთიერთობები

ამერიკელი კონგრესმენები თბილისში

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დელეგაცია დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ” რეიგანის თავისუფლების ცენტრის ” დაარსების ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. მოგვიანებით დელეგაცია რუსთავში გაემგზავრება, სადაც იუსტიციის სახლსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაათვალიერებენ, 17:00 საათზე ისინი რიყის პარკში რონალდ რეიგანის მონუმენტის გახსნას დაესწრებიან.

კონგრესმენთა დელეგაცია ორდღიანი ვიზიტით საქართველოს გუშინ ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ოპოზიციიდან კონგრესმენებს ”ქრისტიან- დემოკრატების” ლიდერი გიორგი თარგამაძე, ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია, ”რესპუბლიკული პარტიისა” და ”ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარეები დავით უსუფაშვილი და დავით გამყრელიძე შეხვდნენ, ასევე, კახა შარტავა ( ეროვნული ფორუმი) . როგორც დავით უსუფაშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის მთავარი თემები ქვეყნის უსაფრთხოება და დემოკრატიზაცია იყო. "ჩვენ შევთანხმდით, რომ ქვეყანაში ხელისუფლების სამართლიანი არჩევნების გზით გადაცემა არის უპირველესი ტესტი, რომელიც საქართველომ უნდა ჩააბაროს. ეს იქნება წინაპირობა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამერიკელმა კონგრესმენებმა ხაზი გაუსვეს იმ საკითხს, რომ ისინი ქართველი ხალხის დასახმარებლად არიან ჩამოსულნი და არა რომელიმე პიროვნების", - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

კომენტარები