ქუჩის აქციები

ნინო ბურჯანაძე ისევ ქუჩის აქციებს ემხრობა

ნინო ბურჯანაძის აზით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ   სამართლიანი არჩევნების ჩატარების გარკვეული შანსები გააჩინა, თუმცა „დიდი ალბათობაა“ იმისა, რომ საპროტესტო აქციების ჩატარება კვლავ საჭირო გახდეს. ამის შესახებ  დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა გაზეთ რეზონანსთან საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში ბურჯანაძესთან თანამშრომლობის შესაძლებლობა არ გამორიცხა, თუმცა ასევე განაცხადა, რომ მასთან გარკვეული საკითხებია გასარკვევი. ყველაზე დიდ წინააღდეგობად მასსა და ბურჯანაძეს შორის ივანიშვილმა ის დაასახელა, რომ „ქალბატონი ნინო ქუჩის გამოსვლების უპირატესობას აღიარებს, მე კი ამას გამოვრიცხავ“. მოგვიანებით ივანიშვილის გუნდმა განმარტა, რომ   „თანამშრომლობა“ არ ნიშნავს პოლიტიკური ალიანსის შექმნას.

როგორც ბურჯანაძემ რეზონანსს განუცხადა,  „ყოველთვის ვამბობდით, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით. მაგრამ სამწუხაროდ, სააკაშვილი ქმნის ისეთ რეალობას, რომელიც შეუძლებელს ხდის თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, ვინაიდან სწორედ დემოკრატიული არჩევნებია მისთვის მთავარი საფრთხე“.

„თუმცა, დღეს გარკვეულწილად რეალობა შეცვლილია – თუ ადრე თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შანსი არ არსებობდა, დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ ამ მხრივ გარკვეული პოზიტიური ძვრები შეიმჩნევა. მაგრამ ამას სჭირდება ყოველდღიური ბრძოლა და ჭიდილი ხელისუფლებასთან, რომ გამოსტაცო მედია, აიძულო პოლიტმატიმრების გათავისუფლება და ა.შ.“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, „სახალხო კრებას  ნათქვამი აქვს, რომ მისი მიზანი ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლაა და ამ გზას რა მეთოდი და მექანიზმიც უკეთ მოერგება, ეს იქნება ქუჩის საპროტესტო აქცია თუ  პოლიტიკური განცხადების კაბინეტიდან კეთება,  ყველა კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს“.

რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, რომ ის აქციებს კატეგორიულად გამორიცხავს, ექს-სპიკერის თქმით, „ეს მისი სურვილია და ეს სურვილი გასაგებია“, რადგან ყველას სურს „ერთ მშვენიერ დღეს მშვიდ, წყნარ გარემოში ჩავატაროთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები და ყოველგვარი ტკივილის და სირთულის გარეშე შეიცვალოს ხელისუფლება“. მისი აზრით, ქუჩის აქცია არ არის ერთადერთი და საუკეთესო გზა პოლიტიკური ბრძოლისთვის, „მაგრამ ეს ერთ–ერთი გზა ნამდვილად არის და მე არ გამოვრიცხავ, ქუჩის აქციები დიდი ალბათობით კვლავ დადგეს დღის წესრიგში“.

კომენტარები