პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა , რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებას უკვე წლის ბოლომდე ელოდება. „ წლის ბოლომდე იმედი გვაქვს გავხსნით მოლაპარაკებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ევროკავშირთან. პირველ რიგში ჩვენ ეს გვჭირდება“, – განაცხადა მან დღეს საქართველოს ბანკის ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე და დასძინა, რომ ამ საკითხს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან კეტრინ ეშტონთან განიხილავს, რომელიც საქართველოს 16 ნოემბერს ეწვევა.
მან აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლება უზურნველყოფს პოლიტიკური პროცესები და ეკონომიკა გაყოფილი იყოს ერთმანეთისგან, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის განვითარებას საარჩევნო ციკლებს არ მიუსადაგებს. "ჩვენ შევძლებთ, რომ მსგავსი ავანტიურა, რაც იყო 2009 წლის აპრილში ან 2007 წლის ნოემბერში, ან როცა ვინმეს მოუვა აზრად მასობრივი დესტაბილიზაცია, ქუჩის მიტინგები, ეს არ გადაედოს ეკონომიკურ პროცესებს. ჩვენ ყველას კარგად ვაჩვენეთ, რომ ჯერ ერთი, ხალხი უჭერს მხარს რეფორმებს, სტაბილურობას, ხალხი უჭერს მხარს იმ კურსს, რომელიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფს და ხალხი ძალიან მომწიფდა პოლიტიკურად, ძალიან რაციონალურია და კარგად ესმის, რას ნიშნავს ეკონომიკის განვითარების აუცილებლობა", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.




