მოლაპარაკებები საქართველო-ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისართან ქეთრინ ეშტონთან შეხვედრის შემდეგ.
ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა ქეთრინ ეშტონს მადლობა გადაუხადა იმ პოლიტიკისთვის, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ახორციელებს.
"ჩვენ გაზაფხულზე დავიწყებთ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ეკონომიკისთვის. ამავე დროს, ჩვენ ვმუშაობთ მეორე საკითხზეც, რაც ევროპის ქვეყნებთან მომავალში უვიზო მიმოსვლას გულისხმობს. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ მომავალში უვიზოდ შეძლოს ევროპაში შესვლა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოდან ყველა წავა, ქართველებს ასეთი თვისება გვაქვს - მივდივართ, მაგრამ მალე უკანვე ვბრუნდებით", - განაცხადა სააკაშვილმა და იქვე აღნიშნა, რომ საქართველო უკვე ევროპის განუყოფელი ნაწილია და მალე ნატო-ში ინტეგრაციასთან ერთად, დაიწყება ფიქრი ევროკავშირის წევრობაზე.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ქვეყნის მოსახლეობას და პირველ რიგში, მას, როგორც პრეზიდენტს, მუდმივად აწუხებს კითხვა - "როდის?" და სურს, რომ უკვე გაღებულ კართან დიდი ხანი ლოდინი არ უწევდეს, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე შევიდეს ნატო-სა და ევროკავშირში, თუმცა ყველა აცნობიერებს, რომ პროცესი ასე მარტივი არ არის და მუშაობას საჭიროებს.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ევროატლანტიკურ სივრცეში საბოლოოდ ინტეგრაციამდე ამ პროცესის მიმდინარეობასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. "ვსვამთ კითხვას "როდის?" და ვამბობთ, რომ ჩქარა შეგვიშვით ყველგან, რატომ გვანერვიულებთ და გვაცდევინებთ კართან, თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, ასე მარტივი არ არის, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ თვითონ პროცესიც კი არის ძალიან მნიშვნელოვანი. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოხდა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ორგანიზაციის შექმნა, რომლის ერთ-ერთი აქტიური დამფუძნებელი წევრი იყო საქართველო. ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი და ამ პარტნიორობის შიგნითაც ამ ეტაპზე საქართველო არის ყველაზე წინ წასული ინტეგრაციის კუთხით. ეს არის მხოლოდ პროცესის დასაწყისი. თვითონ პროცესი გვაძლევს ბევრად მეტ გარანტიას ჩვენი ეკონომიკის განვითარების, ძირითადად უსაფრთხოების. როცა ხარ ქვეყანა, რომელიც ამ დონეზე ასე სწრაფად ინტეგრირდება, ამ ქვეყნის დესტაბილიზაცია და მით უმეტეს დაპყრობა ან რუკიდან გაქრობა ბევრად უფრო ძნელი ხდება. ამიტომ პროცესსაც უკვე ძალიან დიდი შინაარსი აქვს", – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ხვალ ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას საქართველოს შესახებ.
თავის მხრივ, ქეთრინ ეშტონმა ხაზი გაუსვა პროგრესს ვაჭრობის სფეროში საქარათველო- ევროკავშირის ურთოერტობებში და განსაკუთრებული ყურადღება WTO-ში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებაზე გაამახვილა.
„ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ვაჭრობის ყოფილი კომისრისთვის, სასიამოვნოა, ვნახო რა დიდი პროგრესია ამ სფეროში. მოლოდინი გვაქვს, რომ პროგრესი იქნება სახეზე. თქვენც აქტიურად მუშაობთ. დიდი ძალისხმევაა მიმართული. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო თქვენი წვლილი, საქართველოს მოსახლეობის დამსახურება, თქვენი პოზიციის გამო რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. მივესალმები თქვენს მხარდაჭერას ამ გადაწყვეტილებაში. ვმო-ში რუსეთის წევრობა ჩვენ გვაძლევს საშუალებას განვავითაროთ სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველა ჩვენგანისთვის“,-აღნიშნა ეშტონმა.
ეშტონმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე მოლაპარაკებები გაზაფხულზე დაიწყება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სააკაშვილმა და ეშტონმა პირისპირ შეხვედრაზე ბოლო პერიოდში ქართული დიპლომატიის მიერ წარმოებული ინტენსიური მოლაპარაკებები და მიღწეული წარმატებები განიხილეს. ასევე მათ ევროკავშირის ქვეყნებთან მჭიდრო ეკონომიკურ და თავისუფალ სავაჭრო თანამშრომლობასა და სამომავლო უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შექმნის საკითხზე ისაუბრეს.




