დღეს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე , მაშინ როცა ნატოს გენერალური მდივანი ავღანეთიდან დაბრუნებულ ქართველ ჯარისკაცებს მიესალმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო მომავალ წელს ავღანეთში დამატებით ბატალიონს გააგზავნის, იმ 950 სამხედროს გარდა, რომლებიც უკვე იღებენ მონაწილეობას ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში. ამით მომავალი წლიდან საქართველო გახდება ნატოს ის არაწევრი სახელმწიფო, რომელსაც ყველაზე მეტი სამხედრო ეყოლება ავღანეთში. მინისტრმა აღნიშნა, ისიც, რომ საქართველოს ჯარისკაცებს ავღანეთში ძალიან რთულ უსაფრთხოების გარემოში უწევთ ყოფნა.
„თქვენი მოვალეობები ჰელმანდის პროვინციაში განსაკუთრებით მომთხოვნი იყო“, – ასე მიმართა რასმუსენმა ავღანეთიდან დაბრუნებულ 33–ე ქვეითი ბატალიონის ჯარისკაცებს. მან ასევე პატივი მიაგო ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას.





