აშშ-საქართველოს ურთიერთობები

საქართველოში ვიზიტს იწყებს ალექსანდრ ვერშბოუ

დღეს საქართველოში ვიზიტს იწყებს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწე ალექსანდრ ვერშბოუ. როგორც აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის თავმჯდომარე ის თავდაცვის სფეროში აშშ-სა და საქართველოს ორმხრივ, ყოველწლიურ კონსულტაციებში მიიღებს მონაწილეობას. ” ეს კონსულტაციები მნიშვნელოვანია, ის სისტემატურად იმართება და ხაზს უსვამს, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, თავდაცვაში, გრძელდება. ალექსანდრ ვერშბოუს ვიზიტისას უმაღლესი დონის შეხვედრები გაიმართება და შესაძლებელი გახდება, დაისვას ყველა ის საკითხი, რაც თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის არის მნიშვნელოვანი”,— განმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ორშაბათს, თბილისში აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწის ვიზიტთან დაკავშირებით.

შარშან, აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის წლის შემაჯამებლი სხდომის შემდეგ, ალექსანდ ვერშბოუმ განაცხადა, რომ საქართველოს აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი თავდაცვითი სისტემა, რომელიც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. "ჩვენ ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს უფლებას იყოს თავდაცვისუნარიანი და ჰქონდეს ისეთი თავდაცვითი სისტემა, რომელიც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს", - აღნიშნა მან.

აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწის ვიზიტი თბილისში 12 ნოემბერს დასრულდება.

 

 

კომენტარები