საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დეტალურ განმარტებას აქვეყნებს საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით. შეთანხმებას ხელი 9 ნოემბერს, ჟენევაში , რუსეთის WTO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ფარგლებში მოეწერა. მოლაპარაკებებში შუამავალი შვეიცარია იყო.
ძირითად პრინციპებზე შეთანხმების გარდა, მხარეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ურთიერთგაგების მემორანდუმიც გააფორმეს, ის განამტკიცებს შვეიცარიის მთავრობის, როგორც მესამე მხარის როლს. შვეიცარიას სხვადასხვა ვალდებულებებთან ერთად, საერთაშორისო მონიტორების შერჩევა და მათთვის მანდატის მინიჭება ევალება. მონიტორები ანგარიშვალდებულებიც შვეიცარიის წინაშე იქნებიან.
გარდა ამისა, სამინისტროს ცნობით, სამივე მხარემ გაცვალა დოკუმენტები იმ საერთაშორისოდ აღიარებული ნეიტრალური კერძო კომპანიის მოქმედების პირობების განსასაზღვრად, რომელიც შვეიცარიის მთავრობის წინაშე იქნება ვალდებული. მონიტორი არ შეიძლება იყოს რუსეთის, ან საქართველოს მოქალაქე. ისინი სამუშაო პროცესში ისარგებლებენ გადაადგილების თავისუფლებით.
დოკუმენტების პაკეტის ხელმოწერის საფუძველზე, რუსეთი და საქართველო შეთანხმდნენ საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის შექმნაზეც, რომელიც შედგება საერთაშორისო მონიტორინგის სისტემისა და მონაცემთა გაცვლის ელექტრონული სისტემისაგან. საერთაშორისო მონიტორინგი გულისხმობს მონიტორთა ფიზიკურ ყოფნას საბაჟო პროცედურების სრულ ფარგლებში - როგორც დოკუმენტების და ჩანაწერების შემოწმებისას, ასევე საქონლისა და საეჭვო ტვირთის შემოწმებაში. მონიტორები გააკონტროლებენ იმასაც, რომ ყველა ტიპის ტვირთს ჰქონდეს ელექტრონული ბეჭედი და GPS/GPRS ტრეკერები.
მონაცემთა გაცვლის ელექტრონული სისტემა გულისხმობს გაცვლის საერთო პლატფორმის შემუშავებას, რაც საერთაშორისო მონიტორებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს ყველა სახის საბაჟო და სავაჭრო ოპერაციაზე. ასევე მათ მიეწოდებათ უახლესი ინფორმაცია ტვირთზე, რაც რისკის მენეჯმენტისა და აუდიტის საშუალებას მისცემთ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო შეთანხმებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რადგან ის იძლევა სასაქონლო ბრუნვის საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას რუსეთსა და საქართველოს მთელ ტერიტორიას შორის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით. საერთაშორისო მონიტორები ბრუნვას გააკონტროლებენ ზემო ლარსზე, ასევე საქართველოსა და რუსეთს საზღვრის აფხაზეთისა და ოსეთის მონაკვეთზე.
სამინისტროს განცხადებით, შეთანხმება მოიცავს ყველა იმ ელემენტს, რასაც ქართული მხარე თავიდანვე ითხოვდა.




