მმართველი პარტიის დეპუტატებმა 8 ნოემბერს პარლამენტის სხდომაზე განაცხადეს, რომ ადგილი აქვს მცდელობას, ბიძინა ივანიშვილის გარშემო „ახალი პრორუსული ცენტრი“ შეიქმნას. ”ეს ადამიანი არის რუსეთის ბოლო იმედი“ და ის საქართველოს წარსულში დაბრუნებაზე საუბრობს და არა განვითარებაზე“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას. ივანიშვილთან დაკავშირებით საპარლამენტო დებატები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული დასის ლიდერმა ოპოზიციური ფრაქციიდან "ერთობა სამართლიანობისთვის", ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტის სხდომაზე წარმოადგინა ფოტოები, სადაც სააკაშვილის მთავრობის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე რუსეთის ამჟამინდელ პრემიერ–მინისტრს ვლადიმერ პუტინს ართმევს ხელს, ხოლო მეორე ფოტოზე ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან ერთად არის აღბეჭდილი.
”როგორ ჩანს, თქვენ 90–იან წლებში ხართ ჩარჩენილი და რუსეთის აგენტები გელანდებათ. აქ აგენტზე და შპიონობაზე კი არ არის საუბარი... აქ საუბარია მსოფლმხედველობრივ განსხვავებებზე ”- მიმართა ცისკარიშვილმა ბაღათურიას და დასძინა: ”ეს ორი ადამიანი დიამეტრალურად განსხვავდება ერთმანეთისგან . ბენდუქიძე ემსახურება ქართულ საქმეს და ივანიშვილი დიდი ფულის ტომრებით გამოაგზავნეს საქართველოში , რათა როგორმე შეცვალოს სიტუაცია და შეაბრუნოს ჩრდილოეთისკენ ქართული ხედვები “.
საპარლამენტო დებატების დროს წამოიწია ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თემამაც . დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი მინაშვილმა აღნიშნა, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე „საკუთარი ნება–სურვილით“ ორჯერ თქვა უარი. “მან ორჯერ განაცხადა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, როდესაც რუსეთის მოქალაქეობა აიღო და ახლაც, როდესაც წინასწარ იცოდა, რომ საფრანგეთის მოქალაქეობის აღების შემთხვევაში, კარგავდა საქართველოს მოქალაქეობას, მაგრამ წინასწარი განზრახვით ეს მოქმედება ჩაიდინა.“ – განაცხადა მინაშვილმა.




