რუსეთის ხელისფლების წარმომადგენლებმა მხარი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატს ანატოლი ბიბილოვს დაუჭირეს. რადიო „ეხო კავკაზას“ ცნობით, გუშინ ცხინვალში დე ფაქტო სახელისუფლებო კანდიდატის მხარდასაჭერი მიტინგი გაიმართა. ადგილობრივმა ტელევიზიამ წინასწარ გავრცელებულ ცნობაში, ღონისძიება რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საზეიმო კონცერტად წარმოაჩინა. მიტინგზე სიტყვით გამოვიდნენ ანატოლი ბიბილოვი, თვითგამოცხდებული რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩევი. მან რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის სახელით ანატოლი ბიბილოვს მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ჩვენ უდავოდ ვუჭერთ მხარს არჩევანს, რომელიც გააკეთა რესპუბლიკის მმართველმა პარტიამ, რომელმაც კანდიდატად ანატოლი ბიბილოვი დაასახელა. ამ კანდიდატს იმიტომ ვუჭერთ მხარს, რომ მის წინასაარჩევნო პროგრამაში ასახულია სამხრეთ ოსეთის უმთავრესი მიზნები და ამოცანები. ასევე იმის გამო, რომ ამ კანდიდატის პროგრამაში მნიშვნელოვანი სიტყვებია: ერთობა რუსეთთან!“, - განაცხადა კოსაჩევმა.




