ვაშაძე სომხეთის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 7 ნოემბერს ერევანში სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს და საგარეო საქმეთა მინისტრს ედუარდ ნალბანდიანს შეხვდა. შეხვედრებზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. სომხური წყაროების ცნობით, სომხეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს სომხეთ-საქართველოს სამთავრობათშორისო კომისიის მუშაობაზე, რომლის სხდომაც თბილისში 18-19 ნოემბერს უნდა გაიმართოს. ედუარდ ნალბანდიანმა დადებითად შეაფასა სომხეთ-საქართველოს აქტიური დიალოგი. მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ პროცესებზე და ისაუბრეს მთიანი ყარაბახის პრობლემაზეც. აღინიშნა, რომ პრობლემა უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლის ნორმებზე დაყრდნობით. გავრცელებული ცნობით, თავის სომეხ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ  გამოხატა გაკვირვება ,  სომხეთის პრეზიდენტის მიერ  საქართველოში ვიზიტის გაუქმების  შესახებ ინფორმაციის გავრცელების გამო. ”მე აქ იმისთვის ვარ, რომ სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი მოვამზადო”- თქვა მან ორშაბათს, ერევნაში.

  

კომენტარები