საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრიანების საკითხებზე შეთანხმებას საქართველო და რუსეთი 10 ნოემბერს გააფორმებენ . ნინო კალანდაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ შეთანხმების ტექსტი უკვე პარაფირებულია. მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ შეთანხმების ტექსტში რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთზე სავაჭრო დერეფნები გეოგრაფიული ადგილმდებარეობით არის ნახსენები( ამ დერეფნებში უნდა მოხდეს ტვირთების მონიტორინგი), შეთანხმების ტექსტში ნახსენები არ არის არც საზღვარი . "მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმება შედგა და ფორმალურ დასასრულს უახლოვდება. ამავდროულად, ყველაზე მეტად ხაზგასასმელია ის, რომ წლების განმავლობაში უკონტროლო ტვირთბრუნვა იურიდიულ ჩარჩოებში მოექცევა და მასზე საერთაშორისო ზედამხედველობა გავრცელდება", - განაცხადა ნინო კალანდაძემ. მისივე თქმით, შვეიცარიის მიერ შერჩეული კომპანიები შეძლებენ მონიტორინგის განხორციელებას, ამასთან, იარსებებს საერთაშორისო დავების განხილვის მექანიზმი, რაც ქართული მხარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შეთანხმების მიხედვით, შეიქმნება სამი სავაჭრო დერეფანი - ფსოუ-ზუგდიდის, როკი-გორისა და ლარსის, რომლებზეც ტვირთბრუნვას შვეიცარიის მხარის მიერ შერჩეული კერძო აუდიტორული კომპანიები გააკონტროლებენ.




