ივანიშვილი ნატო-ზე, ბურჯანაძესა და სააკაშვილის რეფორმებზე

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია განმარტა. „ჩვენ ვიმუშავებთ და ვიმუშავებთ ძალიან აქტიურად ნატოში გაწევრიანებისთვის, რადგან მას ალტერნატივა არა აქვს“, - განაცხადა ბიზნესმენმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. ივანიშვილმა თქვა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მისი გუნდისთვის ნატოსთან პარტნიორობა პრიორიტეტული იქნება: „ჩვენი მიზანია ეს თანამშრომლობა მომავალში უფრო გავაღრმავოთ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობით.“

მილიარდერმა ბიზნესმენმა ინტერვიუში განმარტა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაცია არა მხოლოდ სამხედრო პარტნიორობას, არამედ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ითვალისწინებს. ივანიშვილის მიიჩნევს, რომ საქართველომ უკან გადადგა ნაბიჯები და საქართველო ნატოში გაწევრიანებას მიხეილ სააკაშვილმა დააშორა. ინტერვიუში ივანიშვილმა ქართველ პოლიტიკოსებთან შესძლო თანამშრომლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეულ საკითხებზე უთანხმოების მიუხედავად, ითანამშრომლებს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძესთან: "განცხადებები და ქმედებები, რაც ქალბატონი ნინოს თაოსნობით განხორციელდა, ეწინააღმდეგება ჩემს პრინციპებს. ყველაზე დიდი წინააღმდეგობა, რაც ჩვენ შორის არსებობს, არის ის, რომ ქალბატონი ნინო ქუჩის გამოსვლების უპირატესობას აღიარებს, მე კი ამას გამოვრიცხავ. კიდევ არის რაღაც შეკითხვები ქალბატონ ნინოსთან, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ამ შეკითხვებს მოვხსნით, პოზიციებს შევათანხმებთ და აუცილებლად ვითანამშრომლებთ ქალბატონ ნინოსთან".

ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ბურჯანაძეს საპარლამენტო და მთავრობაში მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს. "მინდა შევახსენო სააკაშვილის მთავრობის წევრებს და მათ გარემოცვას: არ მოვდივარ მათ დასამარცხებლად, პირიქით, ვეცდები, ყველა პროფესიონალი, რომლებიც სააკაშვილის მთავრობაში არიან, გამოვიყენო. მათ რიცხვში უნდა განვიხილო ნინო ბურჯანაძეც. ლაპარაკს, რომ ვიღაც სადღაც იდგა, ჩვენი გუნდი არ აპირებს. ჩვენ ყველა ქართველის გამოყენება უნდა შევძლოთ. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ქართველები", - ამბობს ივანიშვილი.

ბიზნესმენმა ინტერვიუში უარყოფითი შეფასება მისცა რეფორმებს, რომელიც ქვეყანაში მოქმედმა ხელისუფლებამ განახორციელა. „სააკაშვილი თავისი რეფორმებით მძიმე სტრესს აყენებს საქართველოს მოსახლეობას. ელემენტარულ სიყვარულს ვერ ვხედავ ხალხისადმი, ელემენტარული სიბრალული მაინც უნდა გაგაჩნდეს ადამიანებისა. არც ერთი რეფორმა არ ღირს თუნდაც ერთი ადამიანის ტკივილის ფასად“, - განაცხადა ივანიშვილმა. იგი მიიჩნევს, რომ რეფორმები ქვეყანაში „რაღაც ბოლშევიკური მეთოდებით კეთდება“.

 

 

კომენტარები