იანუკოვიჩის მმართველობა

ახალი საარჩევნო კოდექსი იანუკოვიჩს გააძლიერებს

უკრაინაში მომავალი წლის 31 ოქტომბრისთვის საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო – ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს დაკავება, საარჩევნო კანონის ცვლილება – ბევრი მის კონკურენტულ გარემოში ჩატარების პერსპექტივებს ეჭვქვეშ აყენებს. 

დასავლეთის კრიტიკა უკრაინამ ტიმოშენკოს სასამართლო პროცესის გამო დაიმსახურა. განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. ოპოზიციის მოსაზრებით, პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მთავარი ოპონენტი სწორედ დაგეგმილი არჩევნების წინ ჩამოიშორა. ამ გზით რეგიონების პარტია პოზიციების გამყარებას უფრო მარტივად შეძლებს. თანაც, მისი პრეზიდენტობის დროს შემცირდა მედიის თავისუფლება და აღდგა ძველი კონსტიტუცია, რომელმაც პარლამენტი  პრეზიდენტის ინსტიტუტის სასარგებლოდ დაასუსტა. 

ხელისუფლებამ ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტიკა, ივლისში საარჩევნო კანონში ცვლილებების შეტანის გამოც დაიმსახურა. პროპორციული სისტემა შერეულით იცვლება – დეპუტატების ნახევარს პოლიტიკური პარტიებისთვის მიცემული ხმების პროპორციულად (პროპორციული სისტემა), მეორე ნახევარს კი ერთმანდატიან უბნებში აირჩევენ (მაჟორიტარული). ეს უკანასკნელი ხელისუფლებაში მყოფ პარტიას აძლევს ხელს – უბანში იმარჯვებს უბრალო უმრავლესობის მქონე პოლიტიკური ძალა, მეორე და მესამე ადგილზე გასული პარტიების ხმები კი იკარგება. გარდა ამისა, საკანონმდებლო ორგანოში შესასვლელად ზღვარი 3-დან 5%-მდე გაიზარდა, პოლიტიკურ ძალებს კი საარჩევნო ბლოკებად მონაწილეობა აეკრძალათ. ეჭვობენ, რომ ეს უკანასკნელი ტიმოშენკოს ბლოკის წინააღმდეგაა მიმართული. მინიმალური ზღვარის მომატება კი მცირე პარტიების უკრაინის უმაღლეს რადაში მოხვედრის შანსს, არარეალურს ხდის.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დასკვნით, სამუშაო ჯგუფში სამთავრობო და ოპოზიციური ძალები არათანაბრად იყვნენ წარმოდგენილნი. თანაც, ცვლილებათა პაკეტი პარლამენტის მაგივრად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო. კანონპროექტის დამტკიცებაც მოკლე პერიოდში, არასაკმარისი განხილვის შემდეგ, ერთ თვეში მოხდა. 

მთავრობის მტკიცებით, პროპორციულიდან შერეულ სისტემაზე გადასვლით არჩევნები უფრო დემოკრატიულად ჩატარდება. ოპოზიცია ახალი სისტემის შემოღების ნაცვლად არსებულის დახვეწას ემხრობა. კერძოდ, ისინი ღია საარჩევნო სიების პრაქტიკის დამკვიდრებას მოითხოვენ. დღევანდელი კანონით, ამომრჩეველი ხმას კონკრეტული კანდიდატების ნაცვლად პოლიტიკურ პარტიას აძლევს.

მაჟორიტარული სისტემის დამატებით რეგიონების პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება გაუადვილდება. კიევის რაზუმკოვის ცენტრის (Razumkov Center) წინასწარი გამოკითხვებით, 2012 წლის არჩევნების შედეგებით, პროპორციული სისტემის პირობებში, მმართველი პარტია მანდატების 32%-ს, მის ტრადიციულ პარტნიორებთან ერთად კი 47%-ს მოიპოვებდა. იგივე გამოკვლევები ოპოზიციას პარლამენტის ადგილების 53%-ის დაკავებას უწინასწარმეტყველებდა. შერეული სისტემა ამ სურათს ხელისუფლების სასარგებლოდ ცვლის – ოპოზიციის მაჩვენებელი 27%-მდე დაეცემა. 

ვითარება ისედაც დანაწევრებული ოპოზიციის მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. პარლამენტში მათი პოზიციების შესუსტება აღმასრულებელი ხელისუფლების გაძლიერებას გამოიწვევს. თანაც, თუ ამჟამად იანუკოვიჩის პარტიას უმრავლესობის მოსაპოვებლად კოალიცია აქვს ჩამოყალიბებული, მომავალში რეგიონების პარტია ერთპიროვნული მმართველი ძალა გახდება. 

 

კომენტარები