ივანიშვილი და მედია

ტელეკომპანიები ივანიშვილს პირდაპირ ეთერში ელიან

ტელეკომპანიები "მაესტრო" და "კავკასია"  ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ეთერს სთავაზობენ.  ტელეკომპანია "მაესტროს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ   ორი ტელეკომპანია  ბიზნესმენს ერთობლივად  „განსხვავებულ და ფართო“ ფორმატს სთავაზობს, რომელშიც მრავალმა ჟურნალისტმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. 

 "ამ პირდაპირი ეთერის ნახვა მაყურებელს შეეძლება როგორც დედაქალაქში, ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით სატელიტური მაუწყებლობის მეშვეობით. აგრეთვე, ორივე ტელეკომპანია მზადაა, ამ ღონისძიებაში ჩართოს ყველა სხვა დაინტერესებული მედია საშუალება, რადიოები და ინტერნეტ მაუწყებლები", – ნათქვამია განცხადებაში და ხაზგასმულია, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილის შემთხვევაში, ორივე ტელეკომპანია მზად არის უმოკლეს დროში მოამზადოს ყველაფერი საკუთარი შეთავაზების განსახორციელებლად.

მანამდე განცხადება ივანიშვილისთვის ეთერის დათმობის შესახებ "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ გააკეთა.  მასში აღნიშნულია, რომ მაუწყებლის ეთერში გამოსვლა ბიძინა ივანიშვილმა თავად მოითხოვა. გუშინ  შედგა შეხვედრა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურ დირექტორსა და ივანიშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ირაკლი ტრიპოლსკის შორის, რომელზეც მაუწყებელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მზადაა ეთერი დაუთმოს ივანიშვილს არსებული თოქ-შოუების ფარგლებში. საზოგადოებრივი მაუწყებელი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ სტუდიაში უნდა მივიდეს  თავად ივანიშვილი „და არა რომელიმე მისი ნდობით აღჭურვილი პირი“. საზოგადიოებრივი მაუწყებელი ამ წინადადებებზე ივანიშვილის პრესსამსახურისგან პასუხს ელოდება.

გასულ კვირაში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა პოლიტიკური  პარტიის შექმნა და  პოლიტიკური ბრძოლა  არჩევნებში მმართველ  ძალასთან კონკურენციის გასაწევად.

 

კომენტარები