სარაგბო ნაკრები

ქართული რაგბის გამარჯვება და რეკორდები

REUTERS
ახალი ზელანდიის პატარა ქალაქმა, პალმერსტონ ნორთმა ქართველებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. მორაგბეთა მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებმა სწორედ აქ, მთელი მსოფლიოს დასანახად, მუდმივ მეტოქედ ქცეული რუმინელები სარეკორდო, 16-ქულიანი სხვაობით 25:9 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ მატჩის შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა: „ძალიან რთული თამაში იყო. თუმცა ეს იყო შეხვედრა, რომლის მოგებაც ძალიან გვინდოდა. მიხარია, რომ ყველაფერი გამოგვივიდა და დამსახურებულად გავიმარჯვეთ”.

2011 წლის მსოფლიო თასზე ორივე ნაკრები ამ შეხვედრის მოსაგებად ჩავიდა. ინგლისთან, არგენტინასთან და შოტლანდიასთან გამარჯვების დაგეგმვა ცოტა რთული საკითხი იყო. აქედან გამომდინარე, თუ მოგებას აპირებდნენ, უმთავრესი აქცენტი სწორედ ამ მატჩზე უნდა გადაეტანათ. რუმინელები ამას პირდაპირ აცხადებდნენ და ეს ინგლისთან მეორე შემადგენლობით გამოსვლით დაადასტურეს კიდეც. ქართველების შემთხვევაში კი საქმე ცოტა სხვანაირად იყო. წლევანდელ ჩემპიონატზე, უპირველეს ყოვლისა, მსოფლიო სარაგბო თემის პატივისცემა იყო მოსაპოვებელი, რაც შოტლანდიასთან და ინგლისთან დაპირისპირებების შემდეგ, პრინციპში, მიღწეული იყო. თუმცა რუმინელებთან ვერმოგების შემთხვევაში, ამ ყველაფერს ხაზი გადაესმებოდა.

ეს ბორჯღალოსნებმაც კარგად იცოდნენ. საწყის წუთებზე ნერვიულობის მიუხედავად, საბოლოოდ თამაში დაალაგეს და მოწინააღმდეგეს საკუთარი სტილი მოახვიეს თავს. მამუკა გორგოძემ 17-ფაზიანი შეტევის შემდეგ ლელო დადო, მერაბ კვირიკაშვილმა მეტოქის კარში კარგად ურტყა. ამ ყველაფერმა სარეკორდო გამარჯვებაც მოიტანა. ანგარიშში სხვაობასთან ერთად, ქართველმა მორაგბეებმა სხვა რეკორდებიც დაამყარეს. საქართველოს ნაკრები წლევანდელ ჩემპიონატზე პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ერთ შეხვედრაში 6 საჯარიმო გაიტანა. მერაბ კვირიკაშვილი ერთ მატჩში გატანილი 5 ჯარიმით მორგან პარას გაუთანაბრდა. ერთი საჯარიმო შეაგდო მალხაზ ურჯუკაშვილმა და 323 ქულით ბორჯღალოსნების ისტორიაში საუკეთესო მექულე გახდა. ზედიზედ მეორედ, მსოფლიო თასის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მამუკა გორგოძე დაასახელეს, ბოლო ექვს შეხვედრაში მეხუთედ დავამარცხეთ მუხის ფოთლები.

რუმინელების კაპიტანმა და საუკეთესო მოთამაშემ, მარიუს ტინკუმ ქართველთა ფიზიკურ სიძლიერეზე ისაუბრა: „საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას ვულოცავ. ისინი ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან და ეს კარგად გამოიყენეს, საკუთარი თამაში მოგვახვიეს თავს და აშკარად დაგვჩაგრეს, უკეთესმა გუნდმა მოიგო”.

28 სექტემბრის თამაში, წლევანდელი მსოფლიო თასის ყველაზე სანახაობრივი მატჩი ნამდვილად არ იყო. სწორედ ამის მიზეზებზე გააკეთა აქცენტი საკუთარ კომენტარში ბორჯღალოსანთა დამრიგებელმა რიჩი დიქსონმა: „სამწუხაროდ, ეს ორი ნაკრები ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობს. იმდენად კარგად, რომ ერთმანეთთან შეხვედრისას თამაში ფაქტობრივად დაავიწყდათ. ვნერვიულობდი, რომ სულ ასე გაგრძელდებოდა. მაგრამ მეორე ტაიმში ასე თუ ისე დავლაგდით და გავიმარჯვეთ კიდეც”.

ბორჯღალოსნებმა საერთო ჯამში დამაჯერებელი თამაში აჩვენეს. ხელით თამაშში შეცდომების მიუხედავად, მოწინააღმდეგეს გამარჯვების მცირე შანსიც არ მისცეს და საკუთარ 22-მეტრიან ზონაში ერთხელაც არ შეუშვეს. ეს ყველაზე მეტად კარგმა ფიზიკურმა მომზადებამ და დაცვაში ფაქტობრივად უშეცდომო თამაშმა განაპირობა. გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრები კლასით იმავე რუმინეთზე გაცილებით მაღლა დგას. ახლა ჩვენსა და მუხის ფოთლებს შორის ისეთივე სხვაობაა, როგორიც 4-5 წლის წინ ჩვენსა და პორტუგალიელებს შორის იყო. მაშინ ისინი ახერხებდნენ 6-7 თამაშში ერთხელ მოგებას, ახლა მათი ადგილი რუმინელებმა დაიკავეს. ერთა თასის დანარჩენი მონაწილეები კი კიდევ უფრო ჩამოგვრჩნენ. 

კომენტარები