ბარსელონა

როგორ დავამარცხოთ ბარსელონა

პოლ სქოულზი
ხოსეპ გვარდიოლა
ბარსელონასთვის 2007-08 წლების სეზონი წარუმატებელი გამოდგა: ვერც ლა ლიგაში იმარჯვა და ჩემპიონთა ლიგაშიც არაფერი გამოუვიდა.

2008 წლის 5 ივნისს პირველი გუნდი ბარსელონა ბ-ს მწვრთნელს და ახლო წარსულში კლუბის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს ხოსეპ გვარდიოლას ჩააბარეს. და დაიწყო:

2008-09 წლების სეზონი ბარსამ სამი ტიტულით დაასრულა: მოიგო ჩემპიონატი, თასი და ჩემპიონთა ლიგა, წლის ბოლომდე კი ამ ტიტულებს ესპანეთის და ევროპის სუპერთასები, ასევე მსოფლიოს ჩემპიონისთვის განკუთვნილი ჯილდოც დაუმატა.

2009-10 წლების სეზონში პრიმერადივიზიონის უძლიერესი გუნდის სახელი შეინარჩუნა, რამდენიმე თვეში კი ზედიზედ მეორედ აღმართა ქვეყნის სუპერთასი.

პოლ სქოულზი

2010-11 წლების სეზონში დუბლი გააკეთა: ზედიზედ მესამედ მოიგო ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა კი – ერთწლიანი შესვენების შემდეგ.

ამ ზაფხულს გვარდიოლამ კიდევ ორი ტიტულით გაამდიდრა საკლუბო მუზეუმი: ესპანეთის სუპერთასი მესამედ, ევროპის კი მეორედ მოიგო.
სამ სეზონში ბარსელონამ 12 ტიტული მოიპოვა!

ხოსეპ გვარდიოლას საოცარი გუნდის სტატისტიკა 2008-09, 2010-11 წლების სეზონებში ასეთია: 183 ოფიციალური მატჩი, 132 გამარჯვება, 34 ფრე და მხოლოდ 17 მარცხი. დაუჯერებელია ბურთების შეფარდებაც: 448-133...

რა უნდა ვთქვათ? ალბათ ის, რომ პეპის ბარსელონა დაუმარცხებელია. როცა გუნდი საშუალოდ 11 შეხვედრაში ერთხელ აგებს, მას სწორედ რომ უძლეველს უწოდებენ...

მაგრამ განა ეს ახალი ამბავია? ბევრი აღიარებს, რომ ეს ბარსა ყველა დროის საუკეთესო საფეხბურთო გუნდია! ტიტულები და სტატისტიკური მონაცემები იქით იყოს (თუმცა, სისულელეა ფაქტების უარყოფა), გვარდიოლას ბარსა ძალიან შთამბეჭდავიცაა. აკი იხუმრეს კიდეც: ნახატი რომ იყოს, ლუვრში გამოფენდნენო...

ჟოზე მოურინიუ
დღეს ამ ბარსელონას დამარცხება თითქმის წარმოუდგენელია, მაგრამ განვლილ სამ სეზონში კატალონიელთა მეტოქეებმა 17-ჯერ მაინც გაიხარეს. ვერ გეტყვით, კამპ ნოუს ჯადოქრებმა დაისვენეს თუ მეტოქემ იპოვა მათი კარის გასაღები, მაგრამ ფაქტია: გვარდიოლას გუნდმა 17-ჯერ წააგო.
ტაბულა მათ რჩევებს გაგაცნობთ, ვინც დიდი როლი ითამაშა ბარსასთან გამარჯვებაში.

ჟოზე მოურინიუ (2010 წელს ინტერთან ერთად ლიგის ნახევარფინალში მოუგო ბარსას, გაზაფხულზე კი მისმა რეალმა თასის ფინალში იმარჯვა): როცა ასეთ გუნდს ეთამაშები, ხვდები, რომ გიპირისპირდება ის, რაც საუკეთესოა ფეხბურთში. და თუ გსურს, რომ ასეთ მეტოქეს სძლიო, მინდორზე ყველაფერი უნდა დატოვო. თუ საჭიროა, სისხლიც უნდა დაღვარო! როცა ინტერთან ერთად ვითამაშე კამპ ნოუზე, ბიჭებს მხოლოდ დაცვაში თამაში დავავალე – მხოლოდ 0:1 წავაგეთ, სამაგიეროდ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით. მერე თქვეს, მოურინიუმ კარში ავტობუსი ჩააყენაო... გაზაფხულზე, ესპანეთის თასის ფინალშიც იგივე ტაქტიკა ავირჩიე და შესვენებაზე გასახდელში ვიხუმრე, ახლა კარში თვითმფრინავი გვიდგას, გოლს ვეღარ გაგვიტანენ და ჩვენ უნდა შევაგდოთ-მეთქი... მოკლედ, თუ გსურთ ბარსას სძლიოთ, კარში ბოინგი ჩადგით!

პოლ სქოულზი (მისი გოლით მანჩესტერ იუნაიტედმა ბარსას 2008 წელს ლიგის ნახევარფინალში მოუგო): სიმართლეს გეტყვით: ამ ბარსელონას რომ მოუგო, ძალიან უნდა გაგიმართლოს!

კიკე სანჩეს ფლორესი (მისმა ატლეტიკომ 2010 წლის თებერვალში პრიმერადივიზიონში 2:1 გაიმარჯვა): ბარსა შეტევას მთელ მოედანზე შლის, მინდვრის ყველა სანტიმეტრს იყენებს და თუ აყევი, ადვილად წააგებ. იმ მატჩში მათთვის სივრცის შეზღუდვა ვცადეთ, ძალიან მოვინდომეთ და გამოგვივიდა. ასეთ გუნდს როცა უპირისპირდები, მხოლოდ დაცვის საიმედო თამაშის იმედად არ უნდა იყო – ყველამ მაქსიმალურად კარგად უნდა ითამაშოს. მათ შორის სათადარიგოებმაც! სხვანაირად არაფერი გამოვა...

რობინ ვან პერსი (ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მისმა არსენალმა 2:1 მოიგო, ჰოლანდიელმა კი ერთი გოლი გაიტანა): ბარსელონასთვის მხოლოდ ჩვენ არ მოგვიგია – ფანებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს. გულშემატკივრების შემხედვარე, მეგონა, რომ მოედანზე თორმეტნი ვიყავით!
პეპე მელი (მისმა ბეტისმა თასის მეოთხედფინალში ბარსას 3:1 მოუგო): გასაგებია, რომ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ბარსას წარმატების მთავარი საიდუმლო, მაინც ხავი მგონია. იმ შეხვედრაში ჩვენ ორი პერსონალური მეურვე მივუჩინეთ – ერთი წამით არ შორდებოდა, მეორე კი ჩვენს საჯარიმოსთან მოახლოებისას უშლიდა ხელს. ხავიმ ვეღარ დაარიგა ჩვეული პასები, განაპირა მცველებიც იშვიათად ერთვებოდნენ შეტევაში – უფრო ცენტრალურების დახმარება უწევდათ და არც ბარსას ნახევარდაცვა იყო ისეთი აქტიური, როგორც სხვა მატჩებში. დანარჩენი ტაბლოზე დაიწერა...

მანოლო ხიმენესი (2010 წლის იანვარში მისმა სევილიამ თასის მატჩი კამპ ნოუზე 2:1 მოიგო): ბარსელონას წინააღმდეგ შენი გუნდის ყველა ფეხბურთელი ვალდებულია იყოს: მშვიდი, დინჯი, კონცენტრირებული, ძლიერი, სულგრძელი, მიზანდასახული და, რაც მთავარია, მომთმენი! თუ რომელიმე მოატყუეს, გაღიზიანდა და საკუთარი თავის კონტროლი დაკარგა, უმალ უნდა შეცვალო. წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდიც გატყდება და მერე დატკბი ბარსას თამაშით, რამდენიც გინდა...

ყურბან ბერდიევი
ესტებან ვიგო ბენიტესი (გასული სეზონის დასაწყისში მისმა ჰერკულესმა კამპ ნოუზე იმარჯვა): მთავარი მაინც სრული კონცენტრაციაა – 90 წუთის მანძილზე ყველამ მაქსიმალურად ზუსტად უნდა ითამაშოს. რაც შეეხება ტაქტიკას, ვიცოდით, რომ მათი განაპირა მცველები ხშირად ერთვებიან შეტევაში და ამიტომაც, გრძელი პასებით ვცდილობდით ჩვენი გარემარბების შეტევაში ჩართვას. ამან გაამართლა და უფრო სწრაფადაც ვუტევდით. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ფორვარდებს ვალდესის კართან მიახლოვება არ უჭირდათ...

ყურბან ბერდიევი (ყაზანის რუბინის თავკაცი. 2009 წლის ოქტომბერში მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში კამპ ნოუზე 2:1 მოიგო. მას შემდეგ ბარსა ლიგაზე შინ არ დამარცხებულა): ბარსელონას უამრავი თამაშის ჩანაწერი ვნახე, ათასი სქემა შევადგინე და ორი საინტერესო რამ შევნიშნე – პირველი: ხავი და ინიესტა ძალიან იშვიათად ჩადიან საკუთარ საჯარიმოსთან, თუ ერთ-ორ შემთხვევას არ ჩავთვლით, ასეთი რამ თითქმის არც ხდება. როცა ასეთი ნახევარმცველები უკან არ იხევენ, მცველებსა და შუახაზელებს შორის სივრცე ჩნდება და ჩვენც სწორედ მოედნის ეს მონაკვეთი გამოვიყენეთ საბოლოო შეტევების დასაწყებად; მეორე: ბარსას ცენტრალური მცველები ერთმანეთისგან საკმაოდ შორს თამაშობენ. კამპ ნოუზე ამით ორჯერ ჩინებულად ვისარგებლეთ!

და რას ფიქრობს ხავი?

ბარსას კაპიტანი, კლუბის ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელი და რეკორდსმენი ოფიციალური მატჩების (586) მიხედვით თვლის:
თუ ჩვენი დამარცხება გსურთ, ფეხბურთი გვეთამაშეთ. მხოლოდ ასე თუ შეძლებთ გამარჯვებას. ანტიფეხბურთით კი შორს ვერ წახვალთ – შეიძლება ერთხელ ფეხი დაგვიცდეს, მაგრამ სეზონის ბოლოს პირველები მაინც ჩვენ ვიქნებით.

კომენტარები