ფხენიანი მორატორიუმზე უარს არ ამბობს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ირი, თანახმაა, განიხლოს ბირთვული იარაღის წარმოებასა და გამოცდაზე მორატორიუმის შემოღების საკითხი. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, ნატალია ტიმაკოვამ,  განაცხადა, დმიტრი მედვედევისა და კიმ ჩენ ირის შეხვედრის შემდგომ. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა რუსეთის აღმოსვლეთში, ქალაქ ულან-უდეში გაიმართა.  ტიმაკოვას განცხადებით, კორეელმა ლიდერმა დაადასტურა მზადყოფნა, დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს კორეის ბირთვული პრობლემის შესახებ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. 

ვაშინგტონი და სეული დღემდე მოითხოვენ ფხენიანისაგან მორატორიუმის შემოღებას. ისინი მოლაპარაკებების განახლებას მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდებიან. ექვსმხრივი მოლაპარაკებები  ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის, ჩინეთის, იაპონიის, აშშ-სა და რუსეთის მონაწილეობით უკვე ორ წელზე მეტია ჩიხშია შესული.

როგორც შეხვედრის შემდეგ დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რუსეთი პრობლემის მშვიდობიან, დიპლომატიურ გადაწყვეტასა და ორივე კორეას შორის დიალოგისა და თანამშრომლობის განახლებას ემხრობა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, კიმ ჩენ ირთან მოლაპარაკებებზე ასევე მოღწეულ იქნა  შეთანხმება რუსეთიდან, ჩრდილოეთ კორეის გავლით, სამხრეთ კორეისკენ მიმავალი გაზსადენის მშენებლობის შესახებ. 

 

 

კომენტარები