პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

რუსეთის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტმა ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულის დაკავება ოფიციალურად დაადასტურა. უახლოეს მომავალში პროკურატურა  შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს დაკავებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე. პროკურატურის წარმომამდგენლის, ვლადიმირ მარკინის, განცხადებით, დაკავებულია პოლიციის ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი დმიტრი პავლიუჩენკოვი. გამოძიების ინფორმაციით, მოსკოვის შს სამმართველოს მე-4 ოპერატიულ-სამძებრო სამმართველოს უფროსის თანამდებიობაზე ყოფნისას,  მან, ფულადი ანაზღაურების საფასურად, მიიღო დაკვეთა  პოლიტკოვსკაიას მკვლელობაზე. პავლუიჩენკოვმა შექმნა დანაშაულებრივი ჯგუფი და ჟურნალისტზე თვალთვალი დააწესა, შემდგომში კი შეიძინა იარაღი და მკვლელობის დეტალური გეგმა შეადგინა. 

„გამოძიებას აქვს საკმარისი მტკიცებულებები პავლიუჩენკოვის მხილებისათვის, მათ შორის ის მტკიცებულებები, რაც „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტებმა და დაზარალებულთა ადვოკატებმა მოიპოვეს“,  - განაცხადა მარკინმა. პროკურატურაში ასევე აცხადებენ, რომ ცნობილია მკვლელობის დამკვეთის შესაძლო ვინაობაც.

ანა პოლიტკოვსკაია საკუთარ სახლთან 2006 წლის 7 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.

მანამდე ბრალდება მკვლელობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით მილიციის ყოფილ თანამშრომელს სერგეი ხაჯიკურბანოვს და ძმებს, იბრაჰიმ და ჯაბრაილ მახმუდოვებს, წაეყენათ. თუმცა, 2009 წელს მოსკოვის სასამართლომ ისინი გაამართლა. საქმე ხელახალი გამოძიებისათვის პროკურატურას დაუბრუნდა. 2011 წლის მარტში დააკავეს მკვლელობის უშუალო შესრულებაში ეჭვმიტანილი რუსტამ მახმუდოვი.

თავის მხრივ, „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტები აცხადებენ, რომ არ გააჩნიათ  კონკრეტული ინფორმაცია მკვლელობის შესაძლო დამკვეთის შესახებ და მხოლოდ საკუთარი ვერსიები აქვთ.

 

კომენტარები