WikiLeaks-ის დანაკარგი

WikiLeaks-ის ყოფილმა თანამშრომელმა, გერმანელმა პროგრამისტმა დანიელ დომშაიტ-ბერგმა, მის ხელთ არსებული 3500-ზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი გაანადგურა. ჟურნალ  Spiegel-ის ცნობით, ეს ქმედება დომშაიტ-ბერგმა იმ მოტივით ჩაიდინა, რომ  ფაილების არსებობა ემუქრებოდა იმ პირების უსაფრთხოებას, ვინც ისინი  WikiLeaks-ს მიაწოდა. დოკუმენტები სერვერზე გასული წლის ზაფხულამდე ინახებოდა. შემდეგ დიომშაიტ-ბერგმა ორგანიზაციის დატოვება გადაწყვიტა და ფაილები თან გაიყოლა.  ინფორმაცია უკვალოდ განადგურდა და აღდგენას არ ექვემდებარება. დომშაიტ-ბერგის განცხადებით, საიტის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟს დოკუმენტებთან უსაფრთხო მუშაობის ორგანიზება არ შეუძლია.

გამოცემის ცმობით, განადგურებული დოკუმენტები შეიცავდა იმ პირთა სიას, რომლებსაც აშშ-ს ადმინისტრაციამ ავტოტრანსპორტით სარგებლობა აუკრძალა ტერორისტულ ორგანიზაციებთან შესაძლო კავშირის საბაბით, ასევე დოსიეს 20 ულტრამემარჯვენე ორგანიზაციაზე. 

ჯულიან ასანჟმა ყოფილი თანამებრძოლის საქციელი დაგმო და აღნიშნა, რომ მას საკმაოდ მჭიდრო კავშირები ჰქონდა სადაზვერვო სამსახურებსა და პოლიციასთან.  ასანჟმა დომშაიტ-ბერგი ასევე WikiLeaks-ის საიდუმლოების გამჟღავნებაში დაადანაშაულა - მან საიტის  თაბამშრომლების მიმოწერა საკუთარ მემუარებში გამოიყენა. 

WikiLeaks-ის დატოვების შემდეგ გერმანელმა პროგრამისტმა საკუთარი საიტი - OpenLeaks დააფუძნა, რომლის დანიშნულებაც ასევე საიდუმლო მასალების გამოქვეყნებაა. თუმცა, დღესდღეობით   ამ ვებგვერდზე რაიმე საიდუმლო დოკუმენტი ჯერ არ გამოქვეყნებულა.  

კომენტარები