Femen-ი ისევ გაშიშვლდა

უკრაინის პოლიციამ ორი აქტივისტი დააკავა, რომლებიც ქალთა ორგანიზაცია Femen-იდან იყვნენ. ისინი სასამართლოს შენობის წინ, სადაც იულია ტიმოშენკოს პროცესი მიმდინარეობს, წელსზემოთ შიშვლები გამოხატავდნენ პროტესტს.

უკრაინელ ქალთა ორგანიზაცია Femen-ი ქალთა უფლებების დაცვის მოთხოვნებით ხშირად აწყობს მსგავს აქციებს, სადაც მისი აქტივისტები წელსზემოთ შიშვლები გამოხატავენ პროტესტს, მეტი სიმწვავისთვის. ორგანიზაციის ერთ-ერთი ბოლო, მსგავსი აქცია უკრაინაში საქართველოს საელჩოსთანაც გაიმართა, სადაც ისინი ქართველი ფოტოგრაფების დაპატიმრებას აპროტესტებდნენ.

პოლიციისთვის ეს აქცია მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა უკრაინელი სამართალდამცავები სიტუაციაში მალევე გაერკვნენ და აქტივისტები დააკავეს.

ერთ-ერთი აქტივისტის თქმით, რომელსაც საპროტესტო აქციაში მონაწილეობა არ მიუღია, პროტესტი მთელი პოლიტიკური სპექტრისკენ იყო მიმართული, მათ შორის პრეზიდენტ იანუკოვიჩისა და რეგიონების პარტიის მიმართ.

იულია ტიმოშენკოს სასამართლო პროცესი კი გრძელდება, სადაც 2009 წელს მისი პრემიერ მინისტრობის დროს რუსეთთან გაფორმებული გაზის ხელშეკრულება მთავარ როლში ფიგურირებს.

კომენტარები