მილიარდერი ხელოვნური ლიბერტარიანური კუნძულის შექმნას დააფინანსებს

Pay Pal-ის დამფუძნებელმა და Facebook-ის ერთ-ერთმა პირველმა ინვესტორმა პიტერ ზილმა 1.25 მილიონი დოლარი გამოყო ხელოვნური ლიბერტარიანური კუნძულის შესაქმნელად. ზილი  Seasteading Institute-ის დიდი მხარდამჭერია. ამ კომპანიის მთავარი მიზანი ნავთობის პლატფორმებზე სუვერენული კუნძულების შექმნაა. კუნძულები საერთაშორისო წყლებში შეიქმნება.  ინიციატორები აცხადებენ, რომ საერთაშორისო წყლებში ”სახელმწიფოების” შექმნა, ამ ქვეყნებს საშუალებას მისცემს ყოველგვარი რეგულაციების, კანონებისა და მორალური კოდექსის გარეშე დაიწყონ მუშაობა. ახალ ”სახელმწიფოებში” არ იარსებებს პენსია, მინიმალური ხელფასი და მხოლოდ რამდენიმე შეზღუდვა იქნება იარაღზე.

Seasteading Institute-ის ხელმძღვანელი პატრი ფრიდმანი ცნობილი ეკონომისტის მილტონ ფრიდმანის შვილიშვილია.

2009 წელს კომპანიის კონფერენციაზე, ზილმა განაცხადა: ,, ძალიან ბევრი ადამიანი ამას შეუძლებლად მიიჩნევს. ეს კარგია. ჩვენ შეგვიძლია, არ ვიდარდოთ ამ ადამიანებზე, რადგან ისინი ჩვენ შეჩერებას არ ეცდებიან, სანამ უკვე გვიან არ იქნება’’.

Seasteading Institute შემდეგ წელს პირველ საოფისე ფართს გააკეთებს სან ფრანცისკოსთან ახლოს, შვიდ წელში კი პირველი სრულყოფილი დასახლების შექმნას გეგმავს. 

კომენტარები