ჰიროშიმაში ატომური ბომბის ჩამოგდების წლისთავი აღინიშნა

REUTERS
იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში ატომური ბომბის ჩამოგდების 66-ე წლისთავი აღინიშნა, რომელსაც იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ნაოტო კანიც დაესწრო. 1945 წლის 6 აგვისტოს ჰიროშიმაშ 100,000 ადამიანი ემსხვერპლა. ათასობით ადამიანი მომდევნო თვეებში დაიღუპა დასხივების გამო.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა განაცხადა, რომ წლევანდელმა ცუნამიმ და ფუკუშიმას დაზიანებულმა ატომურმა ელექტროსადგურმა აჩვენეს, რომ იაპონია არ უნდა იყოს ატომურ ენერგიაზე დამოკიდებული. მან განაცხადა, რომ უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გარდა, თანდათან შემცირდება ბირთვული ენერგიის გამომუშავებაც.

აქამდე წლისთავის მემორიალზე, ჰიროშიმას მერებს არასოდეს შეუტანიათ ეჭვი იაპონიის ბირთვული ენერგეტიკის განვითარებაში. ახლანდელმა მერმა კაზუმი მაცუიმ კი განაცხადა, რომ იაპონელმა ხალხმა ბირთვული ენერგიისადმი ნდობა დაკარგა.

ფუკუშიმამდე ატომური ენერგია იაპონიის ენერგომოთხოვნის მესამედს აკმაყოფილებდა.

ბოლო საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის 70% ემხრობა ბირთვული ენერგიისგან თავისუფალ იაპონიას. 

კომენტარები