თამთა ლიპარტელიანის ძებნაში ქართული მხარე ჩაერთო

ნორვეგიის კუნძულ იუტეიაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ დაკარგული ქართველი გოგონას, თამთა ლიპარტელიანის სამძებრო სამუშაოებში ქართული მხარეც ჩაერთვება. ამის შესახებ განცხადება დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ გაააკეთა. მისი თქმით, ამ მიზნით ნორვეგიაში სპეციალური მისიით ჩავიდა საქართველოს კონსული დანიაში, ნინო ქოჩორაშვილი. ”მივლინება გასტანს იქამდე, ვიდრე მომხდარის შესახებ სრული სურათი არ გახდება ცნობილი და დაკარგულის ადგილსამყოფელი არ დადგინდება,” თქვა კალანდაძემ.

ოსლოდან 35 კილომეტრით დაშორებულ  კუნძულზე მდებარე ახალგაზრდულ ბანაკზე თავდასხმა პარასკევს მოხდა. პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა თავდამსხმელმა, 32 წლის ანდერს ბერინგ ბრეივიკმა ბანაკში შეაღწია და ახალგაზრდებს 90 წუთის მანძილზე ესროდა. პოლიციის თქმით, ბრეივიკმა, რომელიც ნეო-ნაცისტური მოძრაობის წევრი აღმოჩნდა, კუნძულზე 93 ახალგაზრდა მოკლა. სამართალდამცველების ვარაუდით, სწორედ ბრეივიკმა განახორციელა ოსლოს ტერაქტიც, რომელიც იუტეიას თავდასხმამდე ორი საათით ადრე მოხდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ახალგაზრდულ ბანაკზე თავდასხმის დროს ბანაკში ორი ქართველი გოგონა იმყოფებოდა. ერთ-ერთი მათგანი, ნათია ჩხეტიანი თავდასხმას გადაურჩა და ის ახლა ნორვეგიის დედაქალაქში იმყოფება.

კომენტარები