ყველაზე სწრაფი ოთხადგილიანი კაბრიოლეტი მსოფლიოში

პოპულარულმა გერმანულმა სატუნინგო კომპანია ბრაბუსმა კიდევ ერთი შედევრი შექმნა, რომელსაც ავტორებმა მსოფლიოში უმძლავრესი და უსწრაფესი ოთხადგილიანი კაბრიოლეტი უწოდეს. ავტომობილი, რომელსაც სახელად ბრაბუს E V12 კაბრიოლეტი ჰქვია და რომელიც მერსედეს ბენცის E-კლასის ღია ვერსიის საფუძვლიანად გადაკეთებული ვარიანტია, 478 ათასი ევრო ღირს, მისი პირველი ეგზემპლარი კი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაიგზავნა.

სახელიდანაც ჩანს – ავტომობილი V12 ძრავითაა აღჭურვილი. ესაა ბრაბუს 800 – 6.3-ლიტრიანი, 12-ცილინდრიანი, წყვილ ტურბოკომპრესორიანი აგრეგატი, რომელიც 800 ცხენის ძალას და 1100 ნიუტონმეტრს ავითარებს. გერმანული კომპანია ირწმუნება, რომ ეს მონაცემები ძრავს შემზღუდველის გამო აქვს, თორემ მაბრუნი მომენტი 1420 ნიუტონმეტრსაც კი მიაღწევდა. ძრავთან ავტომატური კოლოფია შეწყვილებული, რომელსაც მხოლოდ ხუთი საფეხური აქვს.

ძრავის შეზღუდვების მიუხედავად, ავტომობილს მაინც ბრწყინვალე დინამიკური მახასიათებლები აქვს. კერძოდ, ადგილიდან 100 კმ/სთ-ის ასაკრეფად მას სულ რაღაც 3.7 წამი ჰყოფნის, 200-მდე 9.9 წამში აჩქარდება, 300-მდე კი – თითქმის 24 წამში. რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, ის 370 კმ/სთ-ია (სპიდომეტრზე ბოლო ნიშნული 400 კმ/სთ-ს უჩვენებს).

შეცვლილია ავტომობილის გარეგნობაც. ძარის დეტალები კარბონის კომპოზიტისგან დამზადდა. რა თქმა უნდა, ახალი აეროდინამიკური პაკეტის ეფექტიანობა აეროდინამიკურ მილში შემოწმდა. ბრაბუსის მხეცმა კიდევ უფრო პირქუში და აგრესიული სახე მიიღო მას შემდეგ, რაც ის მქრქალი შავი ფერით შეიღება. შავთან ეფექტურ კონტრასტს კი წითელი ფერის სავარძლები ქმნის.

შეიცვალა საკიდარიც, რომლის შემუშავებაშიც, ბრაბუსის სპეციალისტებს კომპანია ბილშტეინის ინჟინრები დაეხმარნენ. მათი ერთობლივი გარჯის შედეგი კი ისაა, რომ საკიდარს 10 რეჟიმში მუშაობა შეუძლია და ამ რეჟიმებზე მისი დაყენება სალონიდან შეიძლება. ცვალებადია კლირენსიც – მძღოლს მისი 35-მილიმეტრიან დიაპაზონში რეგულირება შეუძლია.

რა თქმა უნდა, შეიცვალა სამუხრუჭე სისტემა. წინა ბორბლების შენელებას 12-ცილინდრიანი მექანიზმები ემსახურება, რომელთა „განკარგულებაშიც” 380 მილიმეტრი დიამეტრის დისკოებია, უკან კი 360-მილიმეტრიან დისკოებს 6-ცილინდრიანი მექანიზმები იჭერს. ბორბლები 19-დუიმიანია და მათზე, კლიენტის სურვილის შესაბამისად, კონტინენტალის, პირელის, ან იოკოჰამას საბურავების გადაკვრა შეიძლება.

კომენტარები