ირაკლი ალასანიამ ფეისბუქის მომხმარებლების კითხვებს უპასუხა

თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ ვიდეოკონფერენციაზე სოციალურ ქსელ ფეისბუქის მეშვეობით შემოსულ კითხვებზე უპასუხა. საათნახევრიან ვიდეოკონფერენციაზე ალასანიამ ახალი სამოქალაქო მოძრაობის შესახებ ისაუბრა, რომელიც 6 პოლიტიკური სუბიექტისგან შედგება. ალასანიას თქმით, მოძრაობა ”თავისუფალი არჩევანის” მიზანი  ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაა. ”ის, რაც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა საარჩევნო გარემოს კუთხით, არ არის საკმარისი. ის რაც შემოგვთავაზეს, უკვე არის მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლება,” თქვა ალასანიამ. მან აღნიშნა, რომ ახალი სამოქალაქო მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ამომრჩეველთა რაოდენობის დადგენაა.

”საარჩევნო სისტემა პარლამენტში სამართლიანად უნდა ასახავდეს საზოგადოების განწყობებს,” თქვა ალასანიამ ”დღეს პარლამენტში არ არის დებატების და კრიტიკის შესაძლებლობა. ჩვენ შევთავაზეთ ხელისუფლებას რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის ბიომეტრიის გამოყენება, თუმცა გვიპასუხეს, რომ არ არის საკმარისი ადამიანური და ფინანსური რესურსი, თუმცა ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება,” დასძინა მან.

ალასანიას თქმით, აუცილებელია ნაციონალურ არხებზე პარიტეტულად იყოს წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ძალა და დამკვიდრდეს ადმინისტრაციული რესურსების ”სწორად გამოყენების” წესი. ”თუმცა ამ ყველაფერს სჭირდება სააკაშვილის პოლიტიკური ნება. სამწუხაროა, რომ დღეს რამდენიმე ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე,” თქვა მან. თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა აღნიშნა, რომ საქართველოში ბიზნესმენებს არ აქვთ თავისუფლება გამოავლინონ საკუთარი პოლიტიკური ნება. ”ახლა რეალურად ეშინიათ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას გაუკეთონ კონტრიბუცია. პრობლემები შეექმნა იმ ჯგუფსაც, რომელიც კონტრიბუციას უკეთებდა ჩვენს პარტიას,” თქვა ალასანიამ. შეკითხვაზე, მართლაც დაიქირავა თუ არა მან ამერიკელი კონსულტანტი, ალასანიამ უპასუხა: ”დიახ, ასეთ შესაძლებლობებს გამოვიყენებთ აუცილებლად და რესურსებს რაციონალურად გადავანაწილებთ ასეთი მრჩევლების მოზიდვის კუთხით. თანამედროვე პირობებში შეუძლებელია სხვაგვარად.”

ალასანიას თქმით, პოლიტიკური პარტნიორები ახალი მოძრაობისთვის საერთო კონკრეტული მიზნიდან გამომდინარე შეარჩია.  ”აქ საუბარია საარჩევნო გარემოს შეცვლაზე, რომელიც ყველა პოლიტიკურ ძალას თანაბრად აინტერესებს, ჩვენ კოალიცია გვაქვს პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც არჩევნების გზით აპირებენ ხელისუფლების შეცვლას. ჩვენ ვართ განსხვავებული, მაგრამ ვართ თავისუფალი საარჩევნო გარემოს იდეით გაერთიანებული,” აღნიშნა მან.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა კომენტარი გააკეთა სამოქალაქო კოდექსში ახლადმიღებულ ცვლილებებზე რელიგიური ჯგუფების იურიდიული სტატუსის შესახებ. ამ კანონმა საზოგადოების გარკვეულ წრეებში უკმაყოფილება გამოიწვია. ”მე ღრმად მწამს, რომ საქართველოში საფუძველი არ აქვს ფუნდამენტალიზმს და ქსენოფობიას, იმიტომ, რომ 90-იანი წლების დასაწყისში დავინახეთ, რომ ჩვენ არ მოვუსმინეთ ერთმანეთს, არ ვესაუბრეთ ოსებს და აფხაზებს და ეს პროცესი სამოქალაქო დაპირისპირებასა და სამოქალაქო ომში გადაიზარდა. ახლა საზოგადოება უფრო მომწიფდა,” თქვა მან.

თუმცა, ალასანიამ დასძინა, რომ საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება კანონის მიღების ფორმამ გამოიწვია.  ”არ იყო განცდა საზოგადოების თანამონაწილეობის და ეს იყო გაღიზიანების და ვნებათაღელვის მიზეზი, ამით კიდევ ერთხელ გამოვლინდა ნაციონალური მოძრაობის ბუნება ერთპარტიული გადაწყვეტილებების მიღების კუთხით,” აღნიშნა ალასანიამ.

”ყველა მხარე დამნაშავეა იმაში, რაც მოხდა,” განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ სიტუაციაზე და სამშვიდობო გეგმაზე საუბრისას. ”ყველა ვართ დამნაშავე, რომ ერთმანეთს ვერ გავუგეთ,” აღნიშნა ალასანიამ. მისი თქმით, დე ფაქტო აფხაზ ლიდერებთან მოლაპარაკებების დროს მთავარი აქცენტი სავაჭრო, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე იყო გაკეთებული, ხოლო აფხაზი ხალხის ნდობის მოპოვების მიზნით აუცილებელი იყო საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობაზე და  პრობლემების მოლაპარაკებების გზით გადაჭრაზე. ”შემდეგ სააკაშვილთან შედგა მძიმე საუბარი, მან მითხრა, რომ ეს არ არის ის შეთანხმება, რომელიც შედის საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში. ეს იყო ჩემთვის ნიშანი, რომ ჩემი თანამონაწილეობა და ძალისხმევა არ იყო გაზიარებული და დაფასებული და ჩვენი გზები სააკაშვილთან გაიყო,” თქვა ალასანიამ.

თავისი პოლიტიკური პარტიის სოციალურ პროგრამაზე საუბრისას, ალასანიამ პრიორიტეტად კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემოს და ეკონომიკის შექმა დაასახელა. მისი თქმით, ამის მიღწევა შესაძლებელია საშუალო და მცირე ბიზნესის წახალისებით, დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბებით და სპეციალური ფონდის შექმნით, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს და სოფლის მეურნეობას ხელს შეუწყობს. მან აღნიშნა, რომ პენსია და სოციალური დახმარება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ვეტერანებისთვის საარსებო მინიმუმს უნდა გაუთანაბრდეს. ალასანიას თქმით, სოციალური პროგრამებისთვის თანხები პრიორიტეტების  განსაზღვრის გზით უნდა მოიძიონ: ”საპრეზიდენტო ფონდი უნდა შემცირდეს და არ იხარჯებოდეს შადრევნებსა და კონცერტებზე. არ დავაფინანსებდი ძველ თბილისში ახალი ხიდის სასწრაფოდ აშენებას, იგივე შადრევნებს, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ პრიორიტეტი იქნებოდა სხვა: სამუშაო ადგილების შექმნა.”

 

კომენტარები