”წმინდა კუ” ჰანოის ტბას დაუბრუნდა

გიგანტური კუ, რომელსაც ვიეტნამში წმინდა არსებად მიიჩნევენ,  მკურნალობის შემდეგ ჰანოში, ჰოან კიემის  ტბაში გაუშვეს.  ჰანოის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, გიგანტურ კუს კანზე იარები ჰქონდა, თუმცა ახლა ის სრულიად განიკურნა. კუ, რომელიც 169 კილოგრამს იწონის, სამკურნალოდ სპეციალურ კონტეინერში აპრილში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ფეხებზე და კისერზე დაზიანებები აღმოუჩინეს.

ვიეტნამის მოსახლეობის  ნაწილს მიაჩნია, რომ გიგანტური კუ სწორედ ის მითიური არსებაა, რომელიც, ლეგენდის თანახმად, მეფე ლე ლოის ჩინელების შეტევის მოგერიებაში დაეხმარა დაახლოებით ექვსი საუკუნის წინ.  სწორედ ამიტომ, ვიეტნამში გიგანტურ კუს ქვეყნის დამოუკიდებლობის წმინდა სიმბოლოდ მიიჩნევენ. 

კომენტარები