პროტექციონიზმი – შედეგები და პროგნოზები

 2010 წელს, საერთაშორისო ვაჭრობაში პროტექციონიზმის ზეგავლენა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პერიოდთან შედარებით, 4-ჯერ შემცირდა. შარშან მისი დონე, მსოფლიო მასშტაბით, 0.2%-იან ნიშნულზე იყო. ეკონომისტების მოსაზრებით, მთავრობებმა პროტექციონიზმზე საბოლოოდ თქვეს უარი.

პროტექციონიზმი, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებაა. მისი მიზანი ქვეყანაში, იმპორტის გადასახადების გაზრდით, შემზღუდავი კვოტების დაწესებით ან სხვა სამთავრობო რეგულაციებით – იმპორტირებული საქონლის შემცირებაა. ადგილობრივი წარმოებების მხარდასაჭერად და უმუშევრობის დონის შესამცირებლად, მთავრობები პროტექციონიზმისკენ მიდრეკილებას, განსაკუთრებით, კრიზისების დროს ამჟღავნებენ.

2008 წლის ფინანსური კრიზისის ფონზე, პროტექციონიზმის ზეგავლენა საერთაშორისო ვაჭრობის 0.8%-მა განიცადა, რაც განსაკუთრებულად მაღალი არ არის. ესეც ერთ-ერთი ფაქტორი გახლავთ იმის, რომ კრიზისის დროს 20%-ით შემცირებული მსოფლიო ვაჭრობა, კრიზისამდელ დონეს შარშან დაუბრუნდა.

ფინანსური კრიზისის დროს, პროტექციონისტული ზომების ნაკლებად გამოყენების მიზეზები კომპლექსურ, ერთმანეთის განმსაზღვრავ ფაქტორებში შეგვიძლია ვეძებოთ.

ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დავების გადაწყვეტის მექანიზმია: წევრ ქვეყნებს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის პროტექციონისტული ქმედებების აღსაკვეთად, სარჩელის შეტანა შეუძლიათ. ამ მექანიზმმა, როგორც ჩანს, კრიზისის დროს წარმატებით იმუშავა. მაგალითად შეგვიძლია, აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის შინაური ფრინველების, ხოლო ტაილანდისთვის სამგზავრო ჩანთების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმება მოვიყვანოთ. მსო-მ არ დაუშვა 2009 წლის აშშ-ის ეკონომიკის სტიმულირების აქტში „შეისყიდე ამერიკული საქონლის” ნაწილის შეტანა, რაც ცალსახად პროტექციონისტულ ხასიათს ატარებდა.

  თუმცა მსო-ს დავების გადაწყვეტის მექანიზმს სერიოზული ნაკლი – თავად მექანიზმის ამოქმედების პროცედურული სირთულეები – აღმოაჩნდა. ამ ნაკლის გამო, ანტიპროტექციონისტული ქმედებების კიდევ უფრო შემცირება შეუძლებელი გახდა. ამერიკა ჩინეთს, მსო-ს წესების ფარგლებში, რემნიბის კურსის ხელოვნური დევალვაციის კომპენსირებისთვის, საბაჟო ტარიფების ზრდით ემუქრებოდა.

მეორე ფაქტორი მსოფლიო ვაჭრობის სამართლებრივი და სტრუქტურული ცვლილებებია. ქვეყნების მიერ საერთაშორისო ვაჭრობის მიმართ კანონმდებლობის ცალმხრივმა ლიბერალიზაციამ, იმპორტიორების და ექსპორტიორების საქმიანობის სტიმულები გაზარდა. ქვეყნის შიდა არბიტრაჟები, როგორიცაა, მაგალითად, აშშ-ის Department of Commerce and International Trade Commision-ი, უზრუნველყოფენ დეტალური გამოძიების ჩატარებას პროტექციონიზმის ფაქტებზე – ნებისმიერი წარმომავლობის მქონე კომპანიის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე. გარდა ამისა, განვითარებულ ქვეყნებში, საბაჟო ტარიფების გაზრდა დიდ ინსტიტუციურ სირთულეებთანაა დაკავშირებული. რაც უფრო გამართულია ქვეყნის სამართლებრივი სისტემა, ნაკლებია საერთაშორისო ვაჭრობაში პროტექციონიზმის წილი.

მესამე ფაქტორი ორმხრივი და რეგიონალური შეთანხმებებია. მაგალითად – ევროპის შეთანხმება, ჩრდილო- ამერიკული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, სამხრეთ-აზიური ქვეყნების ასოციაცია. 1994 წლიდან 2004 წლამდე ჩრდილო-ამერიკული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში 103 დარღვევა გამოვლინდა, რომელთაგანაც უმრავლესობა ამერიკის მიერ მექსიკისა და კანადის წინააღმდეგ მიმართული პროტექციონისტული ქმედებები იყო. რეგიონალურ შეთანხმებებსაც აქვს ნაკლი – ეს დავების გადაწყვეტის გაუმართავი იურიდიული მექანიზმია. თუმცა რეგიონალური შეთანხმებების ნაწილი მსო-ს დავების განხილვისთვის იურისპრუდენციულ მექანიზმს იყენებს. გარდა ამისა, ასეთ შეთანხმებებში მხარეების სიმცირე და შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები – რაც, უმრავლეს შემთხვევაში, პროდუქტების აბსოლუტურ უმრავლესობაზე ყველანაირი სავაჭრო ბარიერის მოხსნას გულისხმობს – დარღვევათა რიცხვის სიმცირეს განაპირობებს. არსებობს დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმიც – ყოველწლიური სამიტები, სადაც შეთანხმების დარღვევის შემთხვევებსაც განიხილავენ.

ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, პროტექციონიზმი სრული განადგურებისგან ჯერ მაინც შორსაა. Global Trade Alert-მა 2008 წლის ნოემბრის შემდეგ, 168 პროტექციონისტული ქმედება გამოავლინა. თუმცა საერთაშორისო ვაჭრობის დღევანდელი სახე პოზიტიური პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა.

1930-იან წლებში საერთაშორისო ვაჭრობა გლობალური მშპ-ს 15%-ს შეადგენდა, დღეს კი – 60%-ს აღემატება. ვაჭრობის ლიბერალიზაციის პროცესთან ერთად, პროტექციონიზმისკენ მობრუნების დანახარჯებიც იზრდება. ინვესტიციები სწორედ იმ გათვლით ხორციელდება, რომ ეს პროცესის გაგრძელებას გამოიწვევს. 1930-იან წლებში საერთაშორისო ვაჭრობა გლობალური მშპ-ს 15%-ს შეადგენდა, დღეს კი – 60%-ს აღემატება. ვაჭრობის ლიბერალიზაციის პროცესთან ერთად, პროტექციონიზმისკენ მობრუნების დანახარჯებიც იზრდება. ინვესტიციები სწორედ იმ გათვლით ხორციელდება, რომ ეს პროცესი შეუქცევადი გახდება. სამომხმარებლო სექტორს, საცალო ქსელებსა და იმ მულტინაციონალურ კომპანიებს, რომლებიც რთულ გლობალიზებულ საწარმოო ჯაჭვს იყენებენ, საერთო ინტერესი აქვთ: ვაჭრობის ლიბერალიზაციის პროცესში იმის გარანტიას მოითხოვენ, რომ პროტექციონიზმისკენ მობრუნება სულ უფრო და უფრო გართულდება.

იმპორტირებულ საქონელზე მარკეტინგისა და დისტრიბუციის ხარჯები, რაც იმპორტიორ ქვეყანაში პროდუქტს ემატება, გასაყიდი ფასის 6%-დან 20%-მდე მერყეობს. საბაჟო გადასახადის ზრდა ამ სარგებელს შეამცირებს. შესაბამისად, ბიზნესი საბაჟო ტარიფების შემცირებას ლობირებს. მაგალითად, ვოლ-მარტმა, 2010 წლის პირველ ნახევარში აშშ-ის მთავრობის მიერ ჩინეთთან ვაჭრობაში ბარიერების შექმნის თავიდან ასაცილებლად, ლობირებაზე $ 3.3 მილიონი დახარჯა.

 პროტექციონიზმის საბოლოოდ შეჩერებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა აქვს – მოსახლეობის იმპორტულ საქონელზე დამოკიდებულება. 2008 წელს იმპორტულ სამომხმარებლო საქონელზე ხარჯვისა და მთლიანი სამომხმარებლო დანახარჯების ფარდობა, საშუალოდ, 20% იყო. ეს 1990 წლის ამავე მაჩვენებელზე, დაახლოებით 7%-ით მეტია. პროცესში საკუთარი წვლილი შემოსავლების ზრდამ, ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებამ და ადგილობრივ საქონელთან შედარებით, იმპორტირებული საქონლის ფასის კლებამაც შეიტანა. ამასთანავე, ადამიანებს მოთხოვნილება პროდუქტების უფრო ფართო სპექტრზე გაუჩნდათ. აშშ-ში იმპორტირებული საქონლის მრავალფეროვნება 1972 წლიდან 2001 წლამდე 3-ჯერ გაიზარდა. საშუალო ევროპელი მომხმარებელი, იმპორტირებული საქონლისა და სერვისის გამრავალფეროვნების შედეგად, წელიწადში 600 ევრომდე იგებს.

1990 წლიდან, საწარმოო მასალებში იმპორტის წილის საშუალოდ 5%-იანი ზრდა, პოზიტიური პროგნოზის კიდევ ერთი საფუძველია. საბაჟო ტარიფების გაზრდისგან, მულტინაციონალური საწარმოო ჯაჭვის მქონე კომპანიები, დღეს უფრო მეტ ზარალს ნახავენ, ვიდრე 1990 წელს. ეს პროტექციონიზმისკენ მიბრუნებას, კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოს ხდის.

კომენტარები