საპროტესტო აქცია სოხუმში

აფხაზეთში, სამხედრო სანატორიუმ ”სოხუმის” 500-მდე თანამშრომელმა, რომლებიც სანატორიუმის ახალი მფლობელის ბრძანებით სამსახურიდან გაათავისუფლეს,  პროტესტის ნიშნად სოხუმის ცენტრალური ქუჩა გადაკეტა. დემონსტრანტებმა კატეგორიულად მოითხოვეს აქციაზე დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა მისვლა. ერთი საათის განმავლობაში სოხუმის ცენტრში მოძრაობა სრულად იყო პარალიზებული. გზა მას შემდეგ გაიხსნა, რაც მომიტინგეებთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები - ე.წ თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები - გრიგორ ენიკი და ალექსანდრე ადლეიბა, ქალაქის მერი ალიას ლაბახუა და საოკუპაციო რეჟიმის პარლამენტის წევრი დაურ არშბა მივიდნენ. მათ აქციის მონაწლეებს განუცხადეს, რომ ბრძანება მათი გათავისუფლების შესახებ შეჩერებულია და დაარწმუნეს მომიტინგეები გზა გაეხსნათ და აქცია სანატორუმის კლუბში გაეგრძელებინათ.

რამდენიმე თვის წინ სანატორიუმი ”სოხუმი” რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადაეცა. ახალმა მფლობელმა სანატორიუმი კაპიტალური რემონტის ჩატარების მიზეზით დახურა და თანამშრომლები უვადო შვებულებაში გაუშვა. სანატორიუმის მომსახურე პერსონალს დაჰპირდნენ, რომ რემონტის დასრულების შემდეგ სამსახურში დააბრუნებდნენ, ხოლო მათ, ვისაც არ დააბრუნებდნენ, კომპენსაციებს გადაუხდიდნენ.

 „რუსეთის ხელისუფლებისადმი არაერთგზის მიმართვის, პარლამენტის პიკეტირების და კაბინეტიდან-კაბინეტში სიარულის მიუხედავად,  არანაირი კონკრეტული პასუხი იმაზე, თუ რა გველის მომავალში, არც რუსეთის და არც აფხაზეთის მთავრობისგან არ მიგვიღია,“ განაცხადეს სანატორიუმ ”სოხუმის” თანამშრომლებმა.

მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ გათავისუფლების ბრძანება შეჩერებულია, აქციაზე დაძაბულობამ იკლო.  დე ფაქტო მინისტრმა ქიშმარიამ შეკრებილებს განუცხადა, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი, ტელეფონით ესაუბრა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და მიაღწია კომპრომისს  - „სანატორიუმის ბედს  რუსულ-აფხაზური ერთობლივი კომისია გადაწყვეტს.“

აღსანიშნავია, რომ სანატორიუმთან დაკავშირებული გაუგებრობა  ერთ-ერთია იმ საკითხებიდან, რომელიც რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებში დაძაბულობას ქმნის.  აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ აფხაზეთის მოსახლეობას მოსკოვი ”ისე ექცევა, როგორც მესამეხარისხოვან ხალხს.” 

კომენტარები