პროკურატურამ ოქრუაშვილს ბრალი წაუყენა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ  „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ვებ გვერდზე დღეს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ოქრუაშვილს  ბრალი ედება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და მის ხელმძღვანელობაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ პროკურატურა აპირებს   აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართოს.  223-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ეს დანაშაული ექვსიდან  ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო კენჭს მესამე მოსმენით უყრის, სისხლს სამართლის კოდექსის ეს მუხლი მკაცრდება და პატიმრობის ვადა ექვსიდან თორმეტ წლამდე იზრდება. 

გასულ კვირას შსს-მ  ”ქართული პარტიის” რამდენიმე წევრი დააკავა. დაკავებულთა ჩვენებების თანახმად, ირაკლი ოქრუაშვილი მაისში, 200 რუს სპეცრაზმელთან ერთად აპირებდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გადმოსვლას და ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე ქართული პოლიციის ბლოკ პოსტებზე, ასევე გორში  სპეცდანიშნულების რაზმსა და სამხარეო პოლიციაზე თავდასხმას.

ოქრუაშვილს, რომელსაც საფრანგეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა, 2008 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა დიდძალი თანხის გამოძალვის ბრალდებით. 

კომენტარები