სუბარის განცხადებას შსს გამოეხმაურა

ქართული პარტიის თავმჯდომარემ,  სოზარ სუბარმა  დღეს საგანგებო ბრიფინგზე მედიის წარმომადგენლებს  განუცხადა, რომ  ხელისუფლებამ პარტიის წინააღმდეგ  ”რეპრესიების ახალი ტალღა ”დაიწყო. ”ის [ხელისუფლება] ახალ სერიალებს თხზავს შეთქმულებებზე და ხალხს იარაღის შენახვისა და ტარების  ბრალდებით აპატიმრებენ,“ თქვა სუბარმა. 

მისი თქმით, დღეს,  გამთენიისას დააკავეს  პარტიის აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელი, ლევან ტერაშვილი. სუბარის თქმით, დღესვე პოლიციამ გაჩხრიკა  ტერაშვილის მეგობრის,  დავით შიუკაშვილის  საცხოვრებელი ბინა. სუბარის განცხადებით, ორივე ბინაში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი იპოვა.   ქართული პარტიის თავმჯდომარის მტკიცებით, ამოღებული იარაღი დაკავებულების სახლებში თავად პოლიციამ მიიტანა.

 სუბარმა განმარტა, რომ დღევანდელ დაპატიმრებებს წინ უძღვოდა ლევან ტერაშვილის ძმის, კახაბერ ტერაშვილის დაკავება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვის ბრალდებით. 

სუბარის ბრიფინგიდან რამდენიმე საათში შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიერ მათი პარტიის ცალკეული  წევრების დაკავების  გააპროტესტებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების საპასუხოდ  შინაგან საქმეთა სამინისტრო ხვალ 12 საათზე ჩაატარებს სპეციალურ ბრიფინგს. შსს-ს ცნობით, ბრიფინგზე სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას ”იმ გეგმების შესახებ, რომელიც ზემოთ ხსენებული პარტიის წევრებს მაისის ბოლოსთვის უნდა განეხორციელებინათ.”

კომენტარები