უკრაინა NATO-სთან კრემლისგან ფარულად მოლაპარაკებებს აწარმოებს

უკრაინა კრემლის ზურგს უკან  NATO-სთან დაახლოების პოლიტიკას ატარებს - ამის დამადასტურებელი  კონფიდენციალური  დოკუმენტი დღეს გაზეთმა   „კომერსანტმა“ გამოაქვეყნა. მასში 2011 წელს  უკრაინისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის  ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრებისა და  ერთობლივი ღონიძიებების დეტალური გრაფიკია გაწერილი. ”კომერსანტში” გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ  წელს NATO-უკრაინის  კომისიის ფარგლებში 60-ზე მეტი  ღონისძიებაა დაგეგმილი. შავი ზღვის ფლოტის მომავალი, ჰაერსწანააღმდეგო თავდაცვის სისტემები, კოფლიქტი დნესტრიპირეთში, უკრაინის ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოება - ეს ის საკითხებია, რომელზეც უკრაინა ალიანსთან მოსკოვის გვერდის ავლით მუშაობს. უკრაინა-NATO-ს კომისიის  ფარგლებში მოლაპარაკებები მიმდინარეობს უკრაინის სადაზვერვო სისტემების რეფორმირების შესახებაც.

რუსული გამოცემის ცნობით, კიევსა და NATO-ს შორის ურთიერთობების  ახალი ეტაპის დაწყების ნათელი მაგალითია საერთაშორისო სამხედრო  წვრთნის Sea Breeze-ს ფარგლებში, შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო საზღვაო ძალების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით   აღჭურვილი კრეისერის შესვლა. ეს ხომალდი მომავალში აშშ-ს მიერ ჩრდილოეთ ევროპაში განთავსებული ჰაერსაწინაარმდეგო თავდაცვითი სისტემის შემადგენელ ნაწილი იქნება.

სულ რამდენიმე წლის წინ უკრაინის საზღვაო აკვატორიაში ამერიკული სამხედრო  კატარღების შესვლასაც კი კრემლი ყირიმში პრორუსულად განწყობილი მოსახლეობის უზარმაზარი საპროტესტო აქციებით პასუხობდა, რითაც უკრინის ხელისუფლებას სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა.  

შავ ზღვაზე NATO-ს სამხედრო წვრთნების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ალიანსის ამგვარ ქმედებას  მოსკოვი რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. მოსკოვის პროტესტს NATO-ს წარმომადგენელმა უპასუხა და განაცხადა,  რომ რუსეთის პროტესტის მიუხედავად, ალიანსი უკრინასთან სამხედრო პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ღონისძიებას ჩაატარებს.  

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩოვმა უკრაინის ქმედებას არათანმიმდევრული უწოდა და მეზობელ სახელმწიფოს დაჰპირდა, რომ „რუსეთს ამაზე შესაბამისი  რეაგირება ექნება“. უკრაინის რადაში კი აცხადებენ,  რომ კრემლი ერთის მხრივ უკრაინას სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებს, მეორეს მხრივ, მასზე  ეკონომიკურ ზეწოლას ახდენს.

უკრაინის მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გაზეთ ”კომერსანტს” განუცხადა, რომ  „მოსკოვთან თანასწორი ურთიერთობა არ გამოდის  და ამიტომ უკრაინამ დასავლეთთან დაახლოება გადაწყვიტა.“ 

კომენტარები