რუსეთი აფხაზეთში სამხედრო კონტინგენტს აორმაგებს

აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ჯარების რაოდენობა გაორმაგდება. სააგენტო Life News-ის ცნობით,  ასეთი გადაწყვეტილება საოკუპაციო რეჟიმის სამხედრო წარმომადგენელსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებს შორის გამართულ დახურულ შეხვედარაზე მიიღეს. რუსეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა სააგენტოს განუცხადა, რომ „საქართველოს მხრიდან გრძელდება პარტიზანული ომი გალის რაიონში“  და ამიტომ  სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ ნადრევად მიიღონ ზომები ”საქართველოს სპეცსამსახურების მოქმედებების აღსაკვეთად.” სოხუმმა და მოსკოვმა ოფიციალურად დაადასტურეს ინფორმაცია დახურული შეხვედრის გამართვის შესახებ, თუმცა შეხვედრის დეტალებზე ჟურნალისტებთან ღიად საუბარს თავი აარიდეს, წერს Life News-ი. გეგმის მიხედვით, 2013 წლამდე  რუსული ჯარის რაოდენობა აფხაზეთში 3500-მდე გაიზრდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე  1500 რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.  რუსული მედიის ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალა გაიზრდება რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ფსოუსთან და აფხაზეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაცულ საზღვართან. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. თავდაცვის მინისიტრის  მერაბ ქიშმარიას თქმით, „არავის უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შეუძლიათ 2014 წლის ოლიმპიადისთვის  ორივე ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოების სრული უზრუნველყოფა,  როგორც  საზღვრებზე ასევე მთლს აფხაზეთში.“

კომენტარები