სიხშირეების ფილოსოფია

 როგორც ამბობენ, ჩვენი მუსიკალური გემოვნება ბავშვობაში ყალიბდება, მოგვიანებით კი მას ის გარემო ცვლის, რომელშიც ვცხოვრობთ. ხდება ხოლმე, როცა გარშემო ყველა ლედ ზეპელინის ჰანგებით ტკბება, ჩვენ თავს არაკომფორტულად და უხერხულადაც კი ვგრძნობთ – არ გვსიამოვნებს მუსიკა, რომელიც ჟანრში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. 

ხშირად, საქმე გემოვნებაში როდია. უბრალოდ, ხმა იმაზე მატერიალურია, ვიდრე გვგონია. თუ ტექნო მუსიკის ტალღები ტვინის მოქმედების რიტმს ცვლის და ერთგვარ ტრანსის მდგომარეობაში აგდებს, მოცარტის სონატას, სულ ათიოდ წუთში შეუძლია ჩვენი ინტელექტის კოეფიციენტის ცხრა ერთეულით გაზრდა. თუმცა, ეს ზოგადი მონაცემებია. სხვადასხვა ადამიანის ტვინი ასევე განსხვავებულ სიხშირეზე მუშაობს და ალბათ ამიტომაა, რომ ყველა ჩვენგანი საკუთარი მელოდიის აღმოჩენისკენ ისწრაფვის. 
 
როდესაც ვპოულობთ, ნიცშესავით ვფიქრობთ – მუსიკის გარეშე ცხოვრება, უბრალოდ, შეცდომა იქნებოდა. ნამდვილი მელომანები კი ამ მაქსიმას ცოტა უფრო კომპლექსურად უყურებენ. მათი აზრით, ცხოვრება შეცდომა იქნებოდა მუსიკის მოსმენის, ამის კეთება კი – სათანადო აქსესუარების გარეშე. ეს უკანასკნელი კი დღეს ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც მუსიკა. მათ, ვინც აქტიური ცხოვრების წესს მისდევენ, MP3-ის ულტრაკომპაქტური დამკვრელები, ყველაზე საყვარელ ნივთად მიაჩნიათ. არსებობენ ისეთებიც, მუსიკის მოსმენას, გემოს ვინილის დისკების მეშვეობით რომ ატანენ და შინ ძველი გრამოფონები უდევთ. როგორც უნდა იყოს, დამკვრელზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მისი აქსესუარებია და სწორედ მათზეა დამოკიდებული, როგორ დასრულდება ჰარმონიული სიხშირეების ძებნის პროცესი. 
 
 მათგან ისინი უნდა გამოვყოთ, რომლებზეც დამოკიდებულია, თუ როგორ მოვა ხმა ჩვენამდე. პირველ რიგში, ეს ფუნქცია აკუსტიკურ სისტემას აკისრია. ამ მოწყობილობამ, ხანგრძლივი ევოლუციის შემდეგ, თითქმის სრულყოფილებას მიაღწია. დღესდღეობით საუკეთესოდ ოთხომიანი და რვაომიანი აკუსტიკური სისტემები ითვლება. მათი ძლიერი მხარე  ისაა, რომ აქ ფილტრების მეშვეობით, ადამიანის ყურის მიერ აღქმადი სხვადასხვა დიაპაზონის ხმა, მაქსიმალურად დახვეწილად ისმის.
 
მელომანისთვის მნიშვნელოვანია, რომ მუსიკა ტრანსპორტში, ქუჩაში სეირნობისას, სამზარეულოში, პლაჟზე – ყველგან თან სდევდეს. ყურსასმენები ამ ადამიანების ცხოვრების უმნიშვნელოვანესი აქსესუარია და ხშირ შემთხვევაში აკუსტიკურ სისტემებთან შედარებით ის უპირატესობაც გააჩნია, რომ მათი შეძენა უფრო დაბალ ფასად შეიძლება. ყურსასმენებს დღეს ბევრი წამყვანი ელექტრონული ფირმა (Sony, AKG, Sennheiser, Nokia, Shure და ა.შ.) აწარმოებს და მათ პროდუქტებს შორის არჩევანის გაკეთებაც არაა იოლი საქმე. ყველაზე მთავარი, რაც შერჩევის დროს უნდა გავითვალისწინოთ, მისი ტიპია. სამი ძირითადი კატეგორია შეგვიძლია გამოვყოთ: სახლის, ქუჩის და სტუდიის ყურსასმენები.  
ქუჩაში სატარებლად პატარა, მსუბუქ ყურსასმენებს ვირჩევთ, რომლებიც თავზე თითქმის არ ჩანს, თუმცა დიდებთან შედარებით, ისინი ჯერ კიდევ მაინც უფრო სუსტი ჟღერადობისაა. სახლისთვის განკუთვნილი საკმაოდ დიდი ზომის ყურსასმენების შემთხვევაში, უკვე სხვა პრიორიტეტები ინაცვლებს წინა პლანზე: მაღალ სიხშირესთან ერთად, სხვა სპეციფიკური მაჩვენებლები მეტად გვაინტერესებს. სწორედ მათი წყალობით, კონკრეტული ყურსასმენით განსხვავებული ჟანრის მუსიკა კარგად ან საშუალოდ ისმინება. დახშული ბასების გამო გრადოს GS1000i იდეალურია სიმფონიური და ჯაზური მუსიკის თაყვანისმცემლებისთვის. ზენჰაიზერის HD650 ასე თუ ისე ყველა ჟანრისთვის ერთნაირად შესანიშნავი არჩევანია (თუ აკუსტიკურ ჩანაწერებს არ ჩავთვლით). ერთ-ერთი ყველაზე რეალისტური, ცოცხალი ჟღერადობა Stax SRS3050II-ისგან შეიძლება მიიღოთ. ისე კი, თუ მოსმენა ხელოვნური გაუმჯობესების გარეშე გსურთ, უპირატესობა სტუდიის ყურსასმენებს ენიჭება – ის ხმოვან სიგნალს ისეთს გადასცემს, როგორიც არის, ბასებზე აქცენტის და მსგავსი ფუნქციების გარეშე.
 
დღეს აიპოდების თემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია. კლასიკური, ნანო, „თაჩი” – მომხმარებლის გადასაწყვეტია, თუ რომელი უფრო მოსახერხებელია პირადად მისთვის. მათი ყურსასმენები სხვა საქმეა – აქ საუკეთესოს სტატუსი დამსახურებულად ენიჭება Shure SE535-ს. ულტრაკომპაქტური, საუკეთესო ჟღერადობის, ხმის მაქსიმალური იზოლაციის გამო – იგი ალბათ საუკეთესოა ბაზარზე. ფასიც ადეკვატური აქვს – 500 დოლარამდე. აი, ზენჰაიზერის SX 300 II  – მდიდარი ბასითა და დაბალანსებული ხმით – სულ 50 დოლარი დაგიჯდებათ. ამ აქსესუარზე ფულის დაზოგვა არ ღირს – მისი წყალობით, მუსიკა, ამ დარგისადმი გულგრილი ხალხისთვისაც კი, უბრალო ხმაურიდან, შესაძლოა, სრულყოფილ ჰარმონიად გარდაიქმნას. ბოლოს და ბოლოს, არამუსიკალური ადამიანები ხომ არც არსებობენ. ამაში იოლად დარწმუნდებით, თუ მათი და მელომანების ტვინის ტომოგრაფიულ სურათებს ერთმანეთს შეადარებთ – ვინ იცის, განსხვავება, შესაძლოა, მათ ყურსასმენებშია.  

კომენტარები