ამერიკის ჰიტი

პატ რაილი
REUTERS
ლებრონ ჯეიმსი, დუეინ უეიდი და კრის ბოში
ფოტო: REUTERS

 ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაფერი ამერიკული და ამერიკელებისთვის ამერიკული იყიდება. რაც იყიდება, ის იჭმევა, რაც გვკვებავს, ის გვახსოვს და ვიცით, რომ აუცილებელია. ამერიკელებს ჰყავთ თავისი ჯონ ლენონი (ბრიუს სპრინგსტინი), ამერიკელებს ჰყავთ თავისი ჯიმი პეიჯი (სლეში), ამერიკელებისთვის გაი რიჩიც ამერიკელია. გაი ჰერტფორდშირელი, ანუ ბრიტანელი ძველი ბიჭია, მაგრამ ამერიკელებისთვის მაინც ამერიკელია. თან ამერიკელი ცოლი ჰყავდა. 

ამერიკულია ნიუ იორკ იანკიზიც. ამერიკული და ყველაზე პოპულარული. ყველაზე პოპულარული და ყველაზე მიუღებელი. ყველაზე მიუღებელი და ერთადერთი გუნდი, რომელმაც ალიასკაზე მასტერკლასი ჩაატარა. ესკიმოსები დღესაც დერიკ ჯიტერის კეპებით დასდევენ სელაპებს. 

იანკიზი Most Hated-ის, ყველაზე საძულველი გუნდების რეიტინგში 1982 წლიდან ლიდერობდა. წელს იანკიზი მეორეა. ამერიკელებმა ლიდერის ყვითელი მაისური მაიამი ჰიტს მოარგეს და პელოტონის სათავეში დააყენეს. 

ამერიკა ტრადიციების ქვეყანაა და ტრადიციებს უფრთხილდება. ამერიკა კალათბურთში სელტიქსთან, ლეიკერსთან და ოთხმოციანების თბილ მოგონებებთან ასოცირდება. ამერიკელებმა ვერ მიიღეს არატრადიციულად შექმნილი ფავორიტი და ჰიტს ყველგან უსტვენდნენ. 
მაიამი ფინალშია და დევიდ სტერნი ბედნიერია. ლიგის კომისარმა სატელევიზიო რეიტინგის ამბები გამოასწორა. სუპერფინალი მაგრად გასაღდა. ჩინეთი იაო მინის პოსტერებზე ლოცულობს, ნა ლი მინზე პოპულარულია და ყველაზე მაღალრეიტინგიანი პერსონა არის ლებრონ ჯეიმსი. მაიამის ახალმა ჯოკერმა კობი ბრაიანტს ჩაურბინა და იაო მინი მესამეზე ჩამოაგდო. 

პატ რაილი
ფოტო: REUTERS

მაიამი ევროპაში ყველაზე პოპულარული გუნდია. ბოლო ექვს თვეში იტალიაში, საბერძნეთში, ესპანეთში, რუსეთსა და საფრანგეთში ჰიტის სიმბოლიკა ყველაზე გაყიდვადია. ესპანეთში ჰიტმა უფრო მეტი მაისურის რეალიზება მოახდინა, ვიდრე საკალათბურთო რეალმა. ლებრონი ბევრად პოპულარულია, ვიდრე რეალის ნებისმიერი ტიპი და აგვისტოში მაიამი მადრიდში მასტერკლასზე და რეალთან ორ ტესტზე ჩავა. დიდი ამბები იქნება. 

ჰიტი სან ანტონიოში ჩადის და ტექსასში ლებრონის უფრო მეტი პოსტერი საღდება, ვიდრე – ლოკალური პერსონაჟების. ჰიტი ჩადის ბოსტონში და ჟურნალისტი წინასამატჩო ინტერვიუზე ჯერ დუეინ უეიდთან მიდის და შემდეგ ახსენდება, რომ არსებობს პოლ პირსი. პოლ პირსი სელტიქსის კაპიტანია. ჰიტი ჩადის ჩიკაგოში და ჩარლზ ბარკლი ეგრევე პატ რაილისთან მიდის. ბულზის ტიპები ბარკლისთვის მეორეხარისხოვანი ფიგურები არიან. 

მაიამიმ მძიმედ დაიწყო რეგულარული. ბევრს იგებდა, დაუგეგმავად აგებდა, ისევ ბევრს იგებდა და აღმოსავლეთი ვერ მოიგო. მაიამი გასავარდნ ეტაპზე დალაგდა და აკრიფა. პარალელურად, იზრდება ჰიტის რეიტინგიც. ამ ეტაპზე, მაიამი ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ყურებადი გუნდია. უფრო ყურებადი, ვიდრე ლეგენდარული Evil Empire, იგივე ნიუ იორკ იანკიზი. სტერნის ბენდებიდან, პირველ ათეულში შედის ლეიკერსიც. სელტიქსი მეჩვიდმეტეა, ბულზი ოცდამესამეზე ზის და სან ანტონიო ოცდამეთორმეტეა.

მაიამი პატ რაილიმ შეკრა. უეიდთან ლებრონი, კრის ბოში და კარგი მეორე ეშელონი წამოიყვანა, დაალაგა სიტუაცია, ნიჭიერ ბრექებს მოგება ასწავლა. მაიამი უკვე გუნდია. ამერიკული გუნდი, რომელიც ამერიკელებს სძულთ. მაიამი ამერიკის ჰიტი გახდა. 
 

კომენტარები