თბილისში საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელები აირჩიეს

საქართველოს მუსლიმთა ახლადშექმნილმა სამმართველომ  მთავარ მუფტიდ ჯემალ პაკსაძე,  მთავარ შეიხად - ვაგიფ აკბეროვი, ხოლო იმამად - იასინ ალიევი აირჩია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო რეგიონმედია. სააგენტოს ცნობით, საქართველოში მცხოვრებმა სუნიტური და შიიტური მიმართულების მუსლიმებმა გადაწყვიტეს გაერთიანდნენ ერთ რელიგიურ ორგანიზაციაში, რათა უფრო ეფექტურად გადაწყვიტონ საკუთარი რელიგიური საკითხები. მთავარი მუფტი, ჯემალ პასკაძე აჭარის ხუთ რაიონში მცხოვრებ ქართველ მუსლიმებს უხელმძღვანელებს. „ეს ორგანიზაცია არ არის კავკასიელ მუსლიმთა სამმართველოს ალტერნატიული ორგანიზაცია და მის  საქმიანობაში ჩარევას არ აპირებს,“  - ასეთია საქართველოს მუსლიმთა ახლადშექმნილი სამმართველოს პოზიცია.

საქართველოში მცხოვრებ მუსლიმთა სამმართველოს შექმნამ, ბაქოში, კავკასიელ მუსლიმთა ორგანიზაციიის სათავო ოფისის გაღიზიანება გამოიწვია. კავკასიელ მუსლიმთა შეიხმა, ალაჰშუქურ ფაშაზადემ საქართველოს  მუსლიმთა დამოუკიდებელი სამმართველოს შექმნას ორ ქვეყანას შორის სტარტეგიული პარტნიორობისა და ქართველი აზერბაიჯანელების წინააღმდეგ  დაგეგმილი აქცია უწოდა.

ამ ორგანიზაციის შექმნის შემდეგ  საქართველოში მუსლიმთა ორი ორგანიზაცია წარმოიქმნა - კავკასიელ მუსლიმთა ორგანიზაციის სამმართველო   საქართველოში, რომელიც  ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან  ფუნქციონირებდა და ერთადერთი მუსლიმური ორგანიზაცია იყო, და  საქართველოს  მუსლიმთა დამოუკიდებელი სამმართველო, რომელიც  ახლახან შეიქმნა.

კავკასიურ მუსლიმთა სამმართველოს საქართველოს წარმომადგენელი ალი ალიევი მიიჩნევს, რომ  საქართველოს მუსლიმთა  სამმართველოს არჩევა  ”უსიამოვნო მოვლენაა.”

რეგიონმედიას ინფორმაციით, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დამფუძნებლებს შორის არიან  ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ჰუსეინ იუსუპოვი და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანაშემწე ემილ ოჯახგულიევი. რეგიონმედიას მიმომხილველის თქმით, საქართველოს მუსლიმთა ორგანიზაციის შექმნა არა საქართველოს ხელისუფლების, არამედ რამდენიმე ”ამბიციური ჩინოვნიკის პირადი ინიციტივაა, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანის მსგავსი სტრატეგიული პარტნიორის წინააღმდეგ არასდროს წავა.” 

კომენტარები