„გინოციდი” ინდოეთში

 ინდოეთში, რიგით მეთხუთმეტე, მოსახლეობის აღწერის შედეგებმა, 0-6 წლამდე დაბადებულ ბავშვებს შორის, სქესობრივი მაჩვენებლის დისბალანსი გამოავლინა. ახლახან გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბიჭებისა და გოგონების შეფარდება შემდეგია: 1000 : 914. 2001 წელს ეს მაჩვენებელი იყო 1000 ბიჭი და 927 გოგო, მაშინ როცა მსოფლიოს მასშტაბით, საშუალოდ, იმავე ასაკის ბავშვების შეფარდება ასეთია – 1000 ბიჭი 1050 გოგოსთან.

ერთი შეხედვით, გოგონების შობადობის ნაკლებობას, მათ მიმართ მეტი ზრუნვა უნდა გამოეწვია, თუმცა ეს ასე არ არის. მიუხედავად ინდოეთის ეკონომიკური განვითარებისა, ოჯახების სოციალური მიკერძოებულობა გოგონების მიმართ არ შეცვლილა. პირიქით, მონაცემებიდან გამომდინარე, გაუარესდა კიდეც. ამის მიზეზად ის ითვლება, რომ ინდოეთში ქალს გათხოვებისთვის აუცილებლად მზითევი სჭირდება. შესაბამისად, რაც უფრო მეტი ქალიშვილია ოჯახში, მით უფრო მძიმე ტვირთად აწვება. აქედან გამომდინარე, ინდოეთში გოგონების გაგუდვის, დახრჩობისა და მოწამვლის მრავალწლიანი ტრადიცია არსებობს. 

დღეს ეს „მეთოდი” აბორტმა ჩაანაცვლა. ბრიტანული ჟურნალ Lancet-ის 2006 წლის კვლევის მიხედვით, ინდოეთში ყოველ წელს, ნახევარ
1მილიონზე მეტი გოგოს ნაყოფს იშორებენ. ამ ტენდენციის ზრდის გამო, ინდოეთში ნაყოფის სქესის წინასწარ გაგებას კანონი კრძალავს. თუმცა არალეგალურად, სულ რაღაც 600 რუპიად (დაახლ. 11 აშშ დოლარი), საავადმყოფოებში ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ჩატარება მაინც შეიძლება. დელის უნივერსიტეტის პროფესორმა, გიტიკა ვასუდევმა აღნიშნა, რომ სანამ საკუთარ თავს პროგრესულ ერს ვუწოდებდეთ, ამ მონაცემებზე დაფიქრება გვმართებსო. 1947 წლის შემდეგ, რაც ინდოეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, გენდერული ბალანსი სულ უფრო და უფრო უარესდება. პრობლემამ გენდერული გინოციდის (Gyn - ქალი, ceado - ვკლავ) სახე მიიღო, რაც ამ ქვეყანაში ქალებს განადგურებით ემუქრება.

მთავრობა ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ზომების მიღებას აპირებს. მათ აღიარეს, რომ პრობლემა სერიოზულია. ბოლო რამდენიმე დეკადის განმავლობაში, მოსახლეობაში გოგოების მიმართ დამოკიდებულების შესაცვლელად, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა. ერთ-ერთი – ფულადი ჯილდო იყო, რომელიც ოჯახს ქალიშვილის დაბადების შემთხვევაში გადაეცემოდა. თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, ამას შედეგი არ მოჰყოლია. 
 

კომენტარები